ახალი ამბები

“ეს არის ლაითი კვლევა” — გია აბაშიძე NGO-ების ენმ-სთან კავშირზე

4 აპრილი, 2019 • 2948
“ეს არის ლაითი კვლევა” — გია აბაშიძე NGO-ების ენმ-სთან კავშირზე

გია აბაშიძე, რომელიც საჯარო სივრცეში დამოუკიდებელ ანალიტიკოსად პოზიციონირებს, აცხადებს, რომ ჩაატარა კვლევა, რომელშიც 20 არასამთავრობო ორგანიზაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” “სიტუაციურ მოკავშირედ” მოიხსენიებს.

ის, რასაც ავტორი კვლევას უწოდებს, სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 25-გვერდიანი ტექსტია, რომელსაც არც მეთოდოლოგია ერთვის თან და არც ის კონკრეტული მასალები და ანალიზი, რითაც გავიგებდით, თუ რა არგუმენტით აკავშირებს ავტორი ამა თუ იმ ორგანიზაციას პოლიტიკურ პარტიასთან.

[blue_box]”ლაითი კვლევა”[/blue_box]

2 აპრილს პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ წარადგინა ანგარიში, სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობის შეღწევა სამოქალაქო სექტორში”. სამნაწილიანი ტექსტის დასაწყისში აბაშიძე მიმოიხილავს ენმ-ის მმართველობის პერიოდში მთავრობის მიერ ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ მიზნით შექმნილი “ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” საქმიანობას; ტექსტის მეორე ნაწილი აღწერს ენმ-ის ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნების გადაბარგებას არასამთავრობო სექტორში, რაც, ავტორის შეფასებით, “ნაცმოძრაობას” აძლევს “ეფექტურ ბერკეტს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების განწყობების ფორმირებისათვის ისე, რომ თავად კი არ იყოს ამის ინიციატორი, არამედ (მის მიერ კონტროლირებადი) სამოქალაქო სექტორი”.

მესამე ნაწილში აბაშიძეს შემოაქვს ტერმინი — “სიტუაციური მოკავშირეები”, და ასეთებად ნათლავს 20-მდე ორგანიზაციას, თუმცა იქვე არ განმარტავს, რას ნიშნავს “სიტუაციური მოკავშირეობა”. ამასთან, ტექსტში არაა მითითებული კვლევისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის ის, თუ რა მეთოდოლოგიითაა ჩატარებული კვლევა, არც კვლევის ლიმიტებია განსაზღვრული (რა სირთულეებს შეიძლებოდა პროცესში გადაწყდომოდა) და ა.შ.

გია აბაშიძე სატელეფონო საუბარში მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გვპასუხობს, რომ ეს არის “კაბინეტურ-სამაგიდო კვლევა [desk research] — ინტერნეტში ღია წყაროების კვლევა”; მოგვიანებით გვეუბნება, რომ გამოყენებული აქვს კონტენტ-ანალიზი.

კონტენტ-ანალიზი კვლევის მეთოდია, რომელიც რაიმეს შინაარსის შესწავლას ითვალისწინებს. თუმცა ტექსტში არ არის მითითებული, ავტორმა რისი კონტენტ-ანალიზი გააკეთა; რა პერიოდში, რა კრიტერიუმებით შეარჩია საანალიზო მასალა; რა არგუმენტით ჩათვალა, რომ ეს შერჩევა მნიშვნელოვანი იყო; რაოდენობრივი იყო კონტენტ-ანალიზი თუ თვისებრივი; შეიმუშავა თუ არა წინასწარ რაიმე კატეგორიები (ანუ განსაზღვრა თუ არა, კონკრეტულად რისი არსებობა აინტერესებდა შესასწავლ საინფორმაციო ნაკადში), — ერთი სიტყვით, რა მეთოდოლოგია გამოიყენა კვლევისას.

ავტორმა ჯერ გვითხრა, რომ ეს არის “საკმაოდ ვრცელი კვლევა”, რომელზეც მარტში დაახლოებით 12-13 დღე დახარჯა. მოგვიანებით კი დამაზუსტებელ კითხვებზე გვიპასუხა: “ცხადია, ერთი ადამიანი ვერ ჩაატარებდა სიღრმისეულ კვლევას, მაგრამ ეს არის, ზოგადად, “ლაითი” [მსუბუქი, მარტივი] კვლევა იმ რენტგენული სურათის წარმოჩენისა, რომელიც, სავარაუდოდ, არსებობს ქართულ არასამთავრობო სივრცეში”.

რას ნიშნავს “სიტუაციური მოკავშირეები”

გია აბაშიძე ასე განგვიმარტავს “სიტუაციურ მოკავშირეობას”: “ეს ტერმინი მიღებულია პოლიტოლოგიაში და გამოიყენება პოლიტიკურ და ექსპერტულ შეფასებებში. ის განსხვავდება სტრატეგიული მოკავშირეობისგან იმით, რომ დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, როდესაც ორი მხარის ინტერესები და მისწრაფებები, საშუალო თუ მოკლევადიანი მიზნები, ან მყისიერი ამოცანები თანხვედრაში მოდის. მაგალითად, რუსეთი და თურქეთი დღეს სიტუაციური მოკავშირეები არიან. “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ენჯეოები” მეტ შემთხვევაში სიტუაციური მოკავშირენი არიან, ვიდრე “ქართული ოცნება” და “ენჯეოები”.

უშუალოდ ტექსტში აბაშიძეს “სიტუაციური მოკავშირეობის” მაგალითად მოჰყავს 2018 წლის არჩევნებისას სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც, მისი მტკიცებით, “ოცნებას” მიადგა “გარკვეული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი”.

იგი ასახელებს სამ ორგანიზაციას: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” (TI). თუმცა ამ ორგანიზაციების განცხადებებში მტკიცებით ფორმაში არ ყოფილა ყალბი პირადობების დამზადების შესახებ ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით იგი ნეტგაზეთს ეუბნება:

“მტკიცებით ფორმაშია თუ სხვა ფორმაში, მოსახლეობისთვის ეს ნაკლებად განსასჯელია. ვერ ერკვევიან ისინი, ეს მტკიცებითი ფორმაა თუ რა [არის]. რახან ითქვა, [ეს არის] ნარატივი, გზავნილი. მოსახლეობას ნუ მოვთხოვთ მაღალპროფესიონალურ კვალიფიკაციას”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუკი ენმ-მ, “ქართულმა ოცნებამ” და არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ “დასავლური ინტეგრაცია არის სწორი საგარეო ხაზი საქართველოსთვის”, გამოდიან თუ არა ისინი ერთმანეთის სიტუაციური მოკავშირეები, იგი გვპასუხობს:

“აბა, მეორე მაგალითს გეტყვით: MDF-ის [მედიის განვითარების ფონდის] კვლევა ამბობს, რომ “ქართული ოცნების” კონტროლირებადი არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს ანტინატოურ რიტორიკას. აბა, როგორ გავიგოთ ეს? მოსახლეობამ როგორ უნდა გაიგოს, მტკიცებითშია, ვარაუდია თუ რა არის”?

[red_box]“სუბიექტური ვარაუდი”[/red_box]

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა აკადემიური ან სამეცნიერო საფუძველი აქვს მსგავსი ტერმინის შემოტანას, თუკი ნებისმიერ სიტუაციაში სხვადასხვა აქტორი შესაძლოა რაიმე სახით ერთმანეთის მოკავშირედ ჩავთვალოთ, პასუხობს:

“მტკიცებითი ფორმა არ არის, ეს ჩემი ვარაუდია. არც ეს არასამთავრობოები არ ამტკიცებენ რაღაცას, ხომ? ვარაუდობენ. მეც ასე ვვარაუდობ, — შეიძლება განვიხილოთ სიტუაციურ მოკავშირედ”.

ავტორი ტექსტში ჩამოთვლის ამ 20 ორგანიზაციას, რომელთა შორისაა “ფონდი ღია საზოგადოება — საქართველო”, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, TI, საია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” და ა.შ.

დააკლიკეთ, რათა ნახოთ 20-ვე ორგანიზაცია

  1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  2. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  4. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
  5. ასოციაცია „საფარი“
  6. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
  9. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  10. ადამიანის უფლებათა სახლი
  11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  12. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  13. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  14. ასოციაცია „იდენტობა“
  15. თეთრი ხმაურის მოძრაობა
  16. მწვანე ალტერნატივა
  17. კოალიცია,,მედიის ადვოკატირებისათვის“
  18. კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის“
  19. კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი
  20. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ ორგანიზაციების კონკრეტულად რომელი განცხადება შეუძლია გაიხსენოს, რითაც “სიტუაციურ მოკავშირეობას” დაადასტურებდა, იგი პასუხობს:

“აქ არის [საუბარი იმაზე, რომ] ხელისუფლებაზე მიმდინარეობს ერთიანი ნარატივით შეტევა, ერთი ფრაზით, მესიჯ-ბოქსით როცა ემთხვევა… ეს კომპიუტერში მაქვს და არ მაქვს იმ კომპიუტერზე ამწუთას წვდომა, სადაც მიდევს, კონკრეტულად რა იყო. მე ამ კვლევაში ამოვიღე, ძირითადი რაც იყო, ასე ვთქვათ, “სამარაიზინგ” [შეჯამება] გავაკეთე”, — ამბობს იგი.

“კონტენტ-ანალიზებით მე ჩემი ვარაუდით გამოვხატავ, — ხაზგასმით ვამბობ, სუბიექტური ვარაუდით, — რომ ესენი არიან უმეტეს შემთხვევაში ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” სიტუაციური მოკავშირეები”, — ამბობს ის.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვებზე იგი გვპასუხობს: “ნარატივების კონტენტ-ანალიზი იყო კონკრეტულად სხვადასხვა ორგანიზაციების. თემებს მივაბი, — რომელი თემა განავრცეს ფეიკ-ნიუსად [ყალბ ახალ ამბად], ვინ დაუჭირა ამაში მხარი… ვინ განავრცო ფეიკ [ყალბი] ბრალდება კონკრეტული მიმართულებით… “ფაქტ-ჩეკერად” გავაკეთე, ასე ვთქვათ. იყო რაღაც ბრალდება, შემდეგ გაქარწყლდა ხელისუფლების მიერ. ვინ უჭერდა მხარს ამ ბრალდებაში, რომელ ნარატივში და ა.შ”.

“უნისონში იყო ფეიკ ბრალდება, რომ ხელისუფლება ემზადება გაყალბებისკენ, წყარო არ იყო [დასახელებული]. ასეთივეა [ომეგას დამფუძნებლის, ზაზა] ოქუაშვილის ბრალდებები [“ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლაზე], [თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა] ხაზარაძის წერილები [ზეწოლის შესახებ] და ა.შ., ერთი ელფერი აქვს. ნება მიბოძეთ, მქონდეს ჩემი აზრი, ძალიან სუბიექტური მოსაზრება, რომ უნისონში ხდება ასეთი ფეიკ ბრალდებების წინ წამოწევა და მერე გაჯაზება”.

[yellow_box]ავტორის შესახებ[/yellow_box]

45 წლის გია აბაშიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურში, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში პრესმდივნად, მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ტელეკომპანია “იბერიაზე” მიჰყავდა პოლიტიკური გადაცემა “პანორამა” და ა.შ. ამჟამად იგი პოზიციონირებს, როგორც პოლიტიკისა და მედიის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი — “ფრილანსერი”.

გია აბაშიძემ 2018 წლის ბოლოს ფეისბუქზე დაწერა, რომ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა ინფორმაცია კორუფციის ბრალდების გამო ეკა ბესელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ; მასვე ეკუთვნის 2018 წლის ნოემბერში განცხადებები, რომ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტების 79.4% ყალბი ან დამახინჯებულია. მას მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული და არა სხვა სატელევიზიო არხებზე. ამ კვლევას მოგვიანებით “ქართული ოცნების” ლიდერები ციტირებდნენ.

დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას გია აბაშიძე პარტიის ოფისში რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. მისივე ინფორმაციით, აბაშიძე პარტიის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობაზე მომუშავე ჯგუფში იყო — “არა სტუმარი ან მოწვეული, არამედ როგორც იქ მყოფი ადამიანი”.

აბაშიძე არ უარყოფს ოფისში სიარულს, თუმცა უარყოფს, რომ “ქართულ ოცნებასთან” რაიმე სახის კონტრაქტი ჰქონდა ან აქვს:

“ახლა არ ვთანამშრომლობ. არც მითანამშრომლია. თანამშრომლობად თუ ჩავთვლით იმას, რომ მეგობრები მყავს როგორც “ქართულ ოცნებაში”, ისევე როგორც “ნაცმოძრაობაში”, მაშინ არ ვიცი… მე, როგორც პოლიტოლოგი, რომელსაც დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, ბევრ პარტიულ დერეფანში დავიარები და დავიარებოდი. რა ვქნა, თბილისია, საქართველოა და დავდივარ სხვადასხვა ადგილში. მაგალითად, ახლა “ობიექტივის” სტუდიაში შევდივარ. მერე შეიძლება მითხრან, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დერეფნებში დაიარებაო”, — გვეუბნება იგი.

ნეტგაზეთს “ქართული ოცნების” პრესსამსახურშიც უთხრეს, რომ გია აბაშიძესთან არც არჩევნების დროს და არც ამჟამად რაიმე ტიპის კონტრაქტი/თანამშრომლობა არ ჰქონიათ.

[yellow_box]“ცესკოს იმიჯის გასამტკიცებელი კომენტარი”[/yellow_box]

მედიაკრიტიკის პლატფორმა “მედიაჩეკერის” მიერ გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ონლაინგამოცემაში ინფორმაციის განთავსების მომსახურება შეიძინა თითქმის 22 000 ლარად. ხელშეკრულებების ფარგლებში გამოქვეყნდა ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ცესკოს გადაწყვეტილებების გამართლებას ისახავდა მიზნად და დადებით კონტექსტში წარმოაჩენდა.

მათ შორის იყო გია აბაშიძის მოსაზრებაც, — მასალაში, სადაც ოპოზიციისა და NGO-ების განცხადებებს ეხმაურება შუა კვირაში არჩევნების დანიშვნაზე, იგი ამბობს, რომ არასამთავრობოების განცხადებები ცესკოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გია აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ არც ცესკოსთან ჰქონია რაიმე სახის კონტრაქტი. იმავეს გვეუბნებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ასე განგვიმარტა მათი დაფინანსებით აბაშიძის კომენტარის შემცველი სტატიის გამოქვეყნება მედიაში: “საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პერიოდში ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობს, საჭიროების შემთხვევაში ხდება გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის რეკლამის, განთავსებაც. 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკოს ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი სააგენტო “კლიპარტთან”, რომელიც, თავის მხრივ, აწარმოებდა ურთიერთობას სხვადასხვა მედიასთან და სააგენტოებთან. სწორედ “კლიპარტის” მეშვეობით ათავსებდა ცესკო სარეკლამო და საინფორმაციო მასალას. აღნიშნული სტატიაც ასეა განთავსებული და როგორც ინფორმაციის გავრცელებას, ისე ზოგადად ადმინისტრაციის იმიჯის განმტკიცებას ემსახურება”.

აბაშიძე ასე განმარტავს ცესკოს დაფინანსებულ სტატიაში მისი კომენტარის მოხვედრას: “ცესკოს ჰყავდა დაკონტრაქტებული სააგენტოები. ის სააგენტო/გაზეთი თუ მირეკავს. ვინ არის დაკონტრაქტებული, არ ვეძიები, ჩემი პრობლემა არ არის. მე ვაძლევ ინტერვიუს ყველას, არ ვანსხვავებ არანაირად”… ამასთან, აბაშიძე ამბობს: “ჩემი გამონათქვამები, რომლებსაც ან სტატუსებად ვწერდი, ან ერთ სააგენტოს მივცემდი ტელეფონით, ვრცელდებოდა რამდენიმე სხვადასხვა სააგენტოში ერთი სათაურით და ჩათვალეს, რომ ცესკოს მიერ დაქირავებული ვარ. ჰპარავენ ინფორმაციებს და ვერ გავედევნები”.

პოლიტიკური მომავალი?

ნეტგაზეთის კითხვაზე მომავალში შესაძლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, გია აბაშიძე გვპასუხობს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისედაც არის. კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიულ ცხოვრებაში ჩაბმას, გვპასუხობს:

“პარტიული არასოდეს არ ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ. ალბათ, ბოლოს, კომკავშირელი ვიყავი 80-იან წლებში. ასე რომ, უპარტიო ვარ. არ მინდა, ჭორები და მითები აიგოს ამაზე. ისედაც არსებობს. მე ვცხოვრობ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით. ვნახოთ, მერე რა იქნება. დღეს, 4 აპრილს, ვერ გეტყვით, რა იქნება 4 ივლისს ან 4 სექტემბერს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი