ახალი ამბები

ნეტგაზეთზე მითითებით ხაზარაძეზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

16 ოქტომბერი, 2019 •
ნეტგაზეთზე მითითებით ხაზარაძეზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე სოციალურ ქსელებში ნეტგაზეთზე მითითებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

ფეისბუკზე სხვადასხვა პროსამთავრობო ჯგუფმა და გვერდმა ხაზარაძის ციტატა გაავრცელა, რომელიც მან თითქოს ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა:

“მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორეს დიდ პატივს ვცემ, აშკარაა, რომ ის დაბერდა. ახალგაზრდობაში უფრო გამოირჩეოდა ბრძნული საუბრით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო ქადაგების დროს მევახშეობაზე, როგორც ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვაზე ისაუბრა. უბრალოდ, ბოლო წლებში ისე სხარტად ვეღარ აზროვნებს. ზოგჯერ საერთოდ მგონია, რომ სხვის დაწერილ ტექსტებს კითხულობს, ისე, რომ შინაარსიც ვერ გამოაქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ურიგო არ იყოს მისი მესაყდრის – შიოს გაპატრიარქება… ბევრად უფრო მშვიდად იქნებოდა თავად ილიაც. მინდა მას სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო”.

სინმადვილეში ხაზარაძეს მსგავსი განცხადება ნეტგაზეთთან ინტერვიუში არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნეტგაზეთი/ბათუმელების სახელს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ. სექტემბერში „ბათუმელების“ სახელით „სირცხვილის კორიდორმა“ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა სალომე სამადაშვილზე.

ხაზარაძის ინტერვიუს ნეტგაზეთთან შეგიძლია გაეცნოთ აქ:

ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება — ინტერვიუ ხაზარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი