ახალი ამბები

ზურაბიშვილი: „პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?“

11 დეკემბერი, 2019 • 1048
ზურაბიშვილი: „პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?“

„პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?“ — ამ კითხვით და ვრცელი წერილით ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკას ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო.

10 დეკემბერს ზურაბიშვილმა ქართულ კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა, რომ „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცბად დავიპყროთ თუნდაც რეგიონი“:

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით“ – განაცხადა მან.

დღეს დილას, 11 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედია დაადანაშაულა ზურაბიშვილის მიერ გუშინ ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებასა და ბულინგში. იმავე დღეს, მოგვიანებით ზურაბიშვილმა ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?

იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე თუ “ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით.

რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორედ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ დაპირისპირების. ამითი უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა.

ვის აწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?

მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა, მით უმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული და გადაფარული ახალი “სკანდალით”.

გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტების შეკრებას, რომლებიც საქართველოს და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე.

ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებას და კულტურას კიდევ უფრო მეტად “გავუშალოთ ფრთები”(რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი), რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუკი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი