ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მედიას ადანაშაულებს ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებაში

11 დეკემბერი, 2019 • 1328
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მედიას ადანაშაულებს ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებაში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გნაცხადებას ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებასა და ბულინგში მედიას ადანაშაულებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ზურაბიშვილის გამოსვლა ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას:

“საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას” ,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა, რომ “ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცბად დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”:

“ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით” ,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი