ახალი ამბები

ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას აფასებს

10 დეკემბერი, 2019 • 1280
ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას აფასებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სხვადასხვა მიმართულებით შეაფასა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომაროება.

ომბუდსმენის განცხადება იმ ძირითად მოველნებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება, რომელიც სახალხო დამცველის თქმითვე მთელი წლის განმავლობაში საზოგადოების ინტერესის საგანი იყო, მათ შორის:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა

ომბუდსმენის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე.

აღნიშნულზე დეტალურად საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. სახალხო დამცველის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად.

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს, რომ შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ. ამავდროულად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

2019 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ომბუდსმენი გამოყოფს შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხებს. სახალხო დამცველის თქმით, წლის განმავლობაში არაერთი შეკრების, მანიფესტაციის, საპროტესტო აქციის, კონტრაქციისა თუ პიკეტირების შემსწრენი გავხდით.

ომბუდსმენის თქმით, შეკრების, მათ შორის სპონტანური აქციების, მიზეზი ხშირად პოლიტიკური შეხედულებების ან რაიმე საკითხთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვა იყო, მაგალითად, უსაფრთხო გარემოში შრომის, ჰესების მშენებლობის და სხვა თემები.

სახალხო დამცველის თქმით, არაერთ შემთხვევაში იმართებოდა სხვადასხვა ძალადობრივი დაჯგუფებისა და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ შეკრების უფლების საფარქვეშ ორგანიზებული მსვლელობები და აქციები, რომლებიც უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული და ცალკეულ შემთხვევაში თან ახლდა ძალადობრივი ქმედებებიც.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა.

20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად ომბუდსმენმა გამოკვეთა, რომ სანამ ძალის გამოყენებით აქციას დაშლიდნენ, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, პოლიციას შეკრების მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

მოცემულ შემთხვევაში, სახალხო დამცველის თქმით, გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით. ასევე, გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები.

სახალხო დამცველის თქმით, ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშალეს ძალის გამოყენებით.

სახალხო დამცველის თქმით, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს, რომ ძალის გამოყენებით დაშალეს პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე მიიჩნევს, რომ არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის.

ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული ტიპის შეკრებებისგან განსხვავებული იყო სახელმწიფოს რეაგირება აგრესიული, მოძალადე და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილ შეკრებებთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, სახალხო დამცველის თქმით, საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები:

“ამ შემთხვევებში, არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს” , – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

არაფორმალური მმართველობა პენიტენციურ დაწესებულებებში

სახალხო დამცველის თქმით, 2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა.

მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად, ომბუდსმენის თქმით, დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

სახალხო დამცველის თქმით, არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT).

პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალება

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს განხორციელებულ შეწყალებების საკითხს.

ომბუდსმენის თქმით, შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას.

სახალხო დამცველის აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

ომბუდსმენის თქმით, 2019 წლის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა 3 ფაქტის შესახებ, როდესაც მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოიყენეს შეწყალება და აღნიშნულმა პირებმა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეწყალების უფლებამოსილების ამგვარმა გამოყენებამ დაარღვია სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი.

კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებები

ომბუდსმენის თქმით, 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ წარმოადგენდა კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.

სახალხო დამცველის განცხადებით,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ახალგორში გამშვები პუნქტის სექტემბრიდან ჩაკეტვამ, შესაბამისად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობამ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია.

“მიმოსვლის შეზღუდვა იმდენად მწვავე პრობლემების წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქმნება ჰუმანიტარული კატასტროფის რეალური საფრთხე”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე, რაც  სახალხო დამცველის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავების პრაქტიკა კი, სახალხო დამცველის განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. განცხადებაში განსაკუთრებით საგანგაშოდაა მიჩნეული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი.

ომბუდსმენის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

სახალხო დამცველის თქმით, კვლავ მწვავედ დგას ავარიულ შენობებში (ე.წ. ნგრევად ობიექტებში) დევნილთა ცხოვრების საკითხი.

“მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს განსახლების პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი დანგრევის პირას მყოფ ობიექტში კვლავ რჩებიან დევნილები. შესაბამისად, აუცილებელია უმოკლეს დროში მოხდეს ასეთ შენობაში მცხოვრებ დევნილთა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა” ,- ამბობს სახალხო დამცველი.

სექსუალური შევიწროება

სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წლის წინ მსხვერპლი ქალების მიერ საკუთარი გამოცდილების შესახებ საჯაროდ საუბრის და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების შედეგად, 2019 წლის 19 თებერვალს ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ფარული ფორმა – სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აიკრძალა და დისკრიმინაციის სახედ განისაზღვრა.

ამავე წლის 3 მაისის ცვლილებებით კი, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა ცნობილი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო რეგლამენტაციის შემდეგ გარკვეულწილად გაიზარდა სახალხო დამცველისადმი სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ მომართვიანობა. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, მსგავსი ფაქტების უმეტესობას ქალები სამუშაო ადგილზე აწყდებიან.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ომბუდსმენის თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და გამოვლენა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ვიტალი საფაროვის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე იმსჯელა სიძულვილის მოტივის ინდიკატორებზე და სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობაზე, დანაშაულის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის.

შრომის უსაფრთხოება

სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით კვლავ მძიმე მდგომარეობაა.  სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მხოლოდ წლის პირველ ნახევარში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და გარდაიცვალა 25 ადამიანი.

ომბუდსმენის თქმით, გასულ წელთან შედარებით არსებული კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით.

სახალხო დამცველის თქმით, დადებითად უნდა შეფასდეს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ყველა სექტორზე გავრცელება და შრომის ინსპექტორებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის მიცემა:

“ამ ეტაპზე შრომის ინსპექტორებს არ აქვთ შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატით განიხილება სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად” ,- წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროეტის დროული დამუშავება ყველა რისკების გათვალისწინებით, რომ შედეგად, მაქსიმალურად მოხდეს დასაქმებულთა უფლებების ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა და ამავდროულად, არ შეიქმნას ცვლილებების საფუძველზე გათვალისწინებული მოთხოვნების პრაქტიკაში აღსრულების პრობლემა.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა

ომბუდსმენის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისების ხარისხი და წამლებზე არსებული მაღალი ფასები, ასევე, რეგიონებში ამბულატორიების მოწყობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები.

სახალხო დამცველის თქმით, უმწვავეს პრობლემად რჩება კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა. არ არსებობს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა. სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება გვერდითი მოვლენების მართვა და მხარდამჭერი ფსიქოლოგია.

2019 წელს საქართველოში, 17 მუნიციპალიტეტში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ 70-ზე მეტი ამბულატორიის მონიტორინგის შედეგად ომბუდსმენმა გამოავლინა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემები.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზების მიმართულებით, სახალხო დამცველის განცხადებით, აქტუალურია ქვეყანაში ეკოლოგიის, მწვავე საფარის შენარჩუნების და ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის დადგენისა და შეფასების ერთიანი სტანდარტის უქონლობის კუთხით არსებული გამოწვევები.

ომბუდსმენის თქმით, პრობლემად რჩება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების არარსებობა. კვლავ აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომლის მნიშვნელოვან დამაბინძურებელ წყაროს მშენებლობა წარმოადგენს, ამ მხრივ პრობლემად რჩება რეგიონებში, თბილისისგან განსხვავებით, მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების არქონა.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ბოლო წლებში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემებზე და აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს და, ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოსდევს.

ეროვნული და რელიგიური უმცირესობები

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ომბუდსმენის თქმით, კვლავ რჩება სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები.

კერძოდ, პრობლემად რჩება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განათლების უფლების ეფექტური განხორციელება, არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე ინფორმაციის ფლობა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

სახალხო დამცველის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობების განათლების და სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის გაუმჯობესება; ომბუდსმენის თქმით, პრობლემად რჩება პედაგოგთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლების ხარისხი, რაზეც სხვა ფაქტორებთან ერთად, არსებით გავლენას ახდენს არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლებაც.

გასული წლების მსგავსად, სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნული უმცირესობებისთვის პრობლემას წარმოადგენს მათთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის და შენარჩუნების საკითხი, ხოლო აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში არ იჭრება ისტორიული საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული გამოწვევების, რელიგიური გაერთიანებების მშენებლობებთან დაკავშირებული ბარიერებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების პრობლემა.

სახალხო დამცველის თქმით, რელიგიური უმცირესობები წლებია უშედეგოდ მოითხოვენ ისტორიული რელიგიური საკუთრების დაბრუნებას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.

შშმ პირთა უფლებები

სახალხო დამცველის თქმით, 2019 წლის მდგომარეობით არსებითი ხასიათის ცვლილება არ განუცდია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას.

ომბუდსმენის თქმით, წელსაც აქტუალურია შშმპ უფლებების შესახებ გაეროს კონვენციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხი. კვლავაც არ არის განსაზღვრული პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება და არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შშმ პირებს აბრკოლებს, უფლებადარღვევის ფაქტები გაეროს შესაბამის კომიტეტში გაასაჩივრონ.

სახალხო  დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხი, არასაკმარისია სახელწმიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შშმ პირების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად.

აგრეთვე, სახალხო დამცველის განცხადებით, მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი არ იზრდება. სამწუხაროა, რომ შშმ პირები კვლავ ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით შეუფერხებელ სარგებლობას, მათ შორის, მისაწვდომობის არსებული გამოწვევების გამო, ხოლო ამ პირობის შესაქმნელად გატარებული აქტივობები არ არის საკმარისი. პრობლემად რჩება ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ომბუდსმენს არასაკმარისად მიაჩნია და აცხადებს, რომ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

სახალხო დამცველის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაიწყოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული ქალების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც დაწესებულებაში, ცხოვრების ყოფით პრობლემებთან ერთად, ფაქტობრივად დაუძლეველ წინაღობას აწყდებიან ხარისხიანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისის მიღების პროცესში.

ბავშვთა უფლებები

ომბუდსმენის თქმით, 2019 წელსაც ბავშვები კვლავ განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს მათი საუკეთესო ინტერესების დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, კოდექსი გახდეს ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ დონეზე ყოველმხრივ დაარეგულირებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებს.

ომბუდსმენის თქმით, წლების განმავლობაში კრიტიკული საჭიროების წინაშე დგას ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა:

“აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შესაბამისი გარანტიებით და უფლებამოსილებით უზრუნველყოფილი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართულობა. ამასთან, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი”, – ამბობს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის თქმით, ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში არ იცვლება, რაც არსებული პროგრამების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. ომბუდსმენის განცხადებით, კვლავ მაღალია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განათლების სისტემის მიღმა რჩებიან, მათ შორის აღსანიშნავია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები.

სახალხო დამცველის შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.

ომბუდსმენის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს როგორც პრევენცია, ისე კონკრეტული შემთხვევების მართვა:

“კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა. ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირების მეშვეობით” ,- ამბობს სახალხო დამცველი.

უსახლკარო პირთა უფლებები

უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის კუთხით, ომბუდსმენის თქმით, კვლავ არ არის საკმარისი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია უზრუნველყონ მინიმალური გარანტიები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, უსახლკარო პირთაგან ყველაზე მოწყვლად კატეგორიას – ჭერის არმქონე პირებს, ომბუდსმენის განცხადებით, არ ეძლევათ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ჩართვის, საარსებო შემწეობის მიღებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ხანდაზმულ პირთა უფლებები

მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილის მზარდი მაჩვენებელის და მათ წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, სახალხო დამცველის თქმით, სახელწიფოს არ დაუმტკიცებია ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა.

ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ხანდაზმულ პირთა სიღარიბე და პენსიონერთათვის სესხების მაღალი პროცენტით გაცემის საკითხი, რის გამოც პენსიონერთა ნახევარზე მეტს ყოველთვიურად პენსიის დიდი ნაწილი უკავდებათ.

“ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა: თანამშრომელთა რაოდენობის სიმცირის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარების მოთავსების და ამავდროულად მათთვის ფსიქიატრის მომსახურების ხელმიუწვდომლობის და სხვა პრობლემები”,  – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობის მიღწევის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველის თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არათანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების და პრევენციის კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, სახალხო დამცველის თქმით, რიგ შემთხვევებში, პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, დანაშაულის სამართლებრივი შეფასებისას გენდერული მოტივის გამოკვეთა და სამართალდამცავი უწყების რიგი წარმომადგენლების არასენსიტიური დამოკიდებულება.

“კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტიანად ჩართვის პრობლემა. გამოწვევად რჩება სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, სათანადო რეაგირების განხორციელება და მსხვერპლებისთვის საჭირო სერვისის შეთავაზება. ასევე, თავშესაფრის დატოვების შემდგომ მსხვერპლების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი