ახალი ამბები

ომბუდსმენი ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის სისტემურობაზე მიუთითებს

10 დეკემბერი, 2019 • 1410
ომბუდსმენი ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის სისტემურობაზე მიუთითებს

სახალხო დამცველის განცხადებით, 2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების პრაქტიკა.

ომბუდსმენის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში მსჯავრდებულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

ომბუდსმენის თქმით, პრობლემის სისტემურობაზე ისიც მიანიშნებს, რომ ღია ტიპის დაწესებულებებში სახალხო დამცველის წარმომადგენლები პატიმრებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ვერ ახერხებენ და შეხვედრას სხვა პატიმრებიც ესწრებიან:

“პასუხი აქვთ, რომ მათ უნდათ, დაესწრონ და არ აქვთ პრობლემა, რომ მათი მეგობრები იყვნენ ამ გასაუბრების დროს. ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებთ ინდივიდუალურ გასაუბრებას, რადგან გარემო ისეთი იქმნება, თავად ეს პატიმრები აცხადებენ უარს, რომ მარტო გაგვესაუბრონ და ეს შესამჩნევია. ღია ტიპის დაწესებულებებში მიგვაჩნია, რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ციხის ინფრასტრუქტურის შეცვლაა და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, მცირე ზომის დაწესებულებები აშენდეს:

“ღია ტიპის დაწესებულებები არის, სადაც ძალიან ბევრი პატიმარი იყრის თავს და ზოგადად, ვფიქრობთ, რომ გამოსავალი, ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, არის ციხის ინფრასტრუქტურის შეცვლა. მცირე ზომის დაწესებულებების აშენება, იმიტომ, რომ ღია ტიპის დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, რამდენიმე ასეულ პატიმარზე ერთი ბადრაგი მოდის. რა თქმა უნდა, იქ კონტროლი სიტუაციის წარმოუდგენელია. იმ სისტემაში და ინფრასტრუქტურაში არის ნაყოფიერი ნიადაგი, რომ ასეთი მმართველობა შეიქმნას” ,- ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამველის თქმით, ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა დახურული ტიპის დაწესებულებებშიც არსებობს:

“გვქონია ინფორმაცია, რომ დახურულშიც არსებობს. საკნებში სხედან ძირითადად პატიმრები, თუმცა გვქონია ინფორმაცია, რომ არიან პატიმრები, რომლებიც მოძრაობენ სხვებისგან გნასხვავებით” ,- ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, არაფორმალური მმართველობისა და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე  მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT).

მასალების გადაბეჭდვის წესი