ახალი ამბები

ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

8 დეკემბერი, 2019 • 1751
ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ლაშა ბექაურის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შემდეგ, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მანამდე ძიუდოს ნაკრების წევრი და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობდა, რომ მასზე გუშინ პოლიციელებმა იძალადეს.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენი და ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობს, რომ გუშინ საღამოს მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბექაურმა ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მოყვა, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, სადაც სცემეს. სპორტსმენი იხსენებს, რომ ცემის დროს ის პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ლაშა ბექაური ამბობს, რომ პოლიციელებმა მას განყოფილებაში სცემეს, ბოლოს კი იარაღით დაემუქრნენ, მეორე დღეს კი გამოუშვეს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი