ახალი ამბები

PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს შედეგები გაუარესებულია

3 დეკემბერი, 2019 • 8311
PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს შედეგები გაუარესებულია

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) უახლესი კვლევით, კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი აქვთ. გარდა ამისა, საქართველომ წინა კვლევასთან შედარებით სამივე კატეგორიაში გაუარესებულ შედეგები აჩვენა.

PISA-ს კვლევა ავტორიტეტული კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ატარებს სამ წელიწადში ერთხელ. ის აფასებს მოზარდების უნარებს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

3 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, ჯამში, 70-ზე მეტ ქვეყანას მიმოიხილავს. ამ კვლევაში 15 წლის მოსწავლეები ცალ-ცალკე არიან შეფასებული კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კატეგორიებში. საქართველო სამივე კატეგორიაში დაბალ საფეხურებზეა. ასე, მაგალითად:

[checklist]

  • კითხვაში საქართველო იკავებს 70/77 -ეადგილს და უწერია 380 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა არის 487
  • მათემატიკაში საქართველო იკავებს 66/78-ე ადგილს და უწერია 398 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა არის 489;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო იკავებს 73/78-ე ადგილს და უწერია 383 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა არის 489;

[/checklist]

წინა, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შედეგები გაუარესებულია. 2015 წლის შედეგებით:

[crosslist]

  • კითხვაში საქართველოს ჰქონდა 401 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა იყო 493
  • მათემატიკაში საქართველოს ჰქონდა 404 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა იყო 490;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს ჰქონდა 411 ქულა, როცა OECD-ის ქვეყნების საშუალო ქულა იყო 493;

[/crosslist]

2015 წლის კვლევის შედეგებით, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილი იყო (თუმცა საქართველოს მონაცემები 2015 წლამდე მხოლოდ 2009 წლიდან იყო, რადგან 2012 წელს საქართველოს, განათლების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, PISA-ს კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია).

წყარო: PISA/OECD

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სამივე კატეგორიაში საუკეთესო შედეგებს უჩვენებს ჩინეთი, რომელსაც ჯერ სინგაპური მოსდევს, შემდეგ კი- ჰონგ-კონგი და მაკაო (ისინი, როგორც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი და ჩინეთის ავტონომიური ერთეული, ცალკე არიან შეყვანილი სიაში).

მათ მოსდევთ ესტონეთი, კანადა, ფინეთი, ირლანდია, პოლონეთი, შვედეთი, ახალი ზელანდია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და ა.შ…

კვლევაში საქართველოზე დაბალ შედეგებს უჩვენებენ პანამა, ინდონეზია, კოსოვო, მაროკო, ლიბანი, დომინიკის რესპუბლიკა და ფილიპინები.

წყარო: PISA/OECD/NAEC

წყარო: PISA/OECD/NAEC

წყარო: PISA/OECD/NAEC


PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

Naec.ge-ს თანახმად, საქართველოში ამ კვლევის ფარგლებში შეფასდა 5 572 მოსწავლე და 326 სკოლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი