ახალი ამბები

პოლიციას, პარლამენტის გარდა, მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელიც ბლოკირებული აქვს

28 ნოემბერი, 2019 • 798
პოლიციას, პარლამენტის გარდა, მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელიც ბლოკირებული აქვს

პოლიციას დილიდან ბლოკირებული აქვს როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის კანცელარიის შესასვლელები.

პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციამ ლითონის ღობეებით ჩახერგა, რაც შეეხება კანცელარიასთან მისასვლელ ქუჩებს, იქ პოლიციაა მობილიზებული. 10-მდე აქტივისტმა პოლიციელების ცოცხალი კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა- უშედეგოდ. აღნიშნული აქტივისტები ამის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში ტროტუარზე მიწოლით გადაიყვანა.

მთავრობის კანცელარიაში დღეს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გარდა ამისა, პალრამენტში მიდმინარეობს კომიტეტების სხდომები, დაგეგმილია პლენარული სხდომაც.

ოპოზიციონერი აქტივისტები დილიდან ცდილობენ, პარლამენტის შესასველებთან გააკეთონ ე.წ. სირცხვილის კორიდორები,  მაგრამ პოლიცია ამაში ხელს უშლის.

ოპოზიცია უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის მიზეზიც გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებდა. შსს-მ ოპოზიციის აქცია უკვე ორჯერ დაშალა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის შეწყვეტას ჯერ არ აპირებენ.

ფოტოზე: პოლიციის კორდონი პარლამენტთან. 28 ნოემბერი, 2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი