ახალი ამბები

“საჭირო თუ იქნება, ორჯერაც იქნება და ათჯერაც” – გომელაური აქციების დაშლაზე

28 ნოემბერი, 2019 • 1144
“საჭირო თუ იქნება, ორჯერაც იქნება და ათჯერაც” – გომელაური აქციების დაშლაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ათჯერაც დაშლის ოპოზიციის საპროტესტო აქციას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 28 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიაში შესვლამდე უთხრა.

“საჭირო თუ იქნება, ორჯერაც იქნება და ათჯერაც. რა ვქნათ, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? გეკითხებით, ცეცხლები დავანთოთ და გადავკეტოთ მთელი ქალაქი? რესურსი გვეყოფა ორი თვეც, სამი თვეც, ოთხი თვეც, თუ დაგვჭირდება, პრობლემა არ იქნება”, – ასე უპასუხა გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას აქციების ორჯერ დაშლაზე ჰკითხეს.

მისი თქმით, ყველასთვის დისკომფორტია ქუჩაში დგომა, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვის, პოლიციელებისა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.

“დარწმუნებული ვარ, არცერთ პოლიციელს არ უხარია აქ დგომა, ძალადობა მოქალაქეებისგან და მათგან დაცვა”, – ამბობს გომელაური და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს პროტესტი და მოლაპარაკებები “კაბინეტებში გააგრძელონ”.

ოპოზიცია უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის მიზეზიც გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებდა. შსს-მ ოპოზიციის აქცია უკვე ორჯერ დაშალა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის შეწყვეტას ჯერ არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი