ახალი ამბები

პროპორციული ჩავარდა, რა უნდა გავაკეთოთ, დავიხუროთ ქუდები და სახლში წავიდეთ? – გომელაური

28 ნოემბერი, 2019 • 908
პროპორციული ჩავარდა, რა უნდა გავაკეთოთ, დავიხუროთ ქუდები და სახლში წავიდეთ? – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის სხვა წევრების მსგავსად, ისიც ემხრობოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას. თუმცა მინისტრი არ ეთანხმება ოპოზიციას, რომელიც დაპირების შეუსრულებლობის გამო აქციებს მართავს.

“აი, ახლა ველოდებით და თუ არ შეასრულა მთავრობამ, ყველა პოლიცია გავიფიცებით. ჩემი პოზიცია რა უნდა იყოს? ჩვენი პოზიცია იყო, რომ პროპორციული ყოფილიყო, თუმცა ჩავარდა პარლამენტში. რა პოზიცია უნდა მქონდეს მე?  უნდა გავიფიცო?

ჩემი შესაფასაებელი არ არის, მთხოვნები ლეგიტიმურია თუ არა. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, რაც მოხდა, მაგრამ მე არ შემიძლია პარლამენტის გადაწყვეტილების შეცვლა. ველოდებოდით მთავრობის ყველა წევრი და ჩავარდა. რა უნდა გავაკეთო? მივუშვა და დაანგრიონ, შევარდნენ პარლამენტში, ცეცხლები დაანთონ, გადაკეტონ გზები – ეს არის ნორმალური, თქვენი აზრით?

…რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავიხუროთ ქუდები, სახლში წავიდეთ და ოპოზიციას ვუთხრათ, მობრძანდით, დაბრძანდით?”, – უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს დღეს, 28 ნოემბერს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ქუჩის აქციების შეწყვეტისკენ, დიალოგის გაგრძელებისკენ და “კაბინეტებში შესვლისკენ” მოუწოდებს.

“უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ მოხდეს შეთანხმება ამა თუ იმ კანონზე, ჯდება თუ არა კონსტიტუციაში, გერმანული იქნება, ფრანგული თუ იაპონური მოდელი, და გაიარონ იქ და არა ქუჩაში ცეცხლების დანთებით, შეურაცხმყოფელი შეძახილებით თავიანთი კოლეგების მიმართ და ა.შ.”, – მიიჩნევს გომელაური.

ოპოზიცია უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის მიზეზიც გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი