ახალი ამბები

წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული და აუცილებელი ზომა არ ყოფილა – Amnesty International

27 ნოემბერი, 2019 • 1003
წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული და აუცილებელი ზომა არ ყოფილა – Amnesty International

Amnesty International განცხადებას ავრცელებს პარლმენტთან მიმდინარე აქციებთან და სამართლდამცველთა ქმედებებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ამბობს, რომ 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული და აუცილებელი ზომა არ იყო.

საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ მანიფესტაციის დროს ძალოვანმა უწყებებმა მაქსიმალურად უნდა ეცადონ და შეამცირონ ზიანი, სპეციალური საშუალებები კი გამოიყენონ დემონსტრანტების წინააღმდეგობის პროპორციულად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია.

მათივე თქმით, სამართალდამცველებმა ძალა უნდა გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც იწვევს ან ჩართულია ძალადობრივ ქმედებებში.

Amnesty International განცხადებაში განიხილავს 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლას და ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, მოქალაქეებს თავისუფალი და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება აქვთ. ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს პროპორციულად გამოყენებული ძალით, როდესაც ეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

ორგანიზაცია წერს, რომ ამ კონტექსტშიც ძალოვან სტურქტურებს პარლამენტთან შეკრების დაშლა უნდა შეეძლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნათლად აჩვენებენ მსგავსი ქმედების საჭიროებას და თუ დემონსტრაცია დიდი ხნის განმავლობაში ხელშესახებ არეულობას გამოიწვევდა.

“18 და 26 ნოემბრის აქციების დროს კი, როდესაც პარლამენტი რამდენიმე საათით იყო ბლოკირებული – ეს ასე არ იყო. წყლის ჭავლის გამოყენება კი არც პროპორციული და არც აუცილებელი ზომა არ ყოფილა“, – ამბობს ორგანიზაცია.

Amnesty International გაეროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამბობს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება გამართლებულია მხოლდო იმ არეულობების დროს, როდესაც ადამიანთა დაღუპვის დიდი რისკი არსებობს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ძალოვანმა უწყებებმა უნდა შეამცირონ ე.წ. ადმინისტრაციული პატიმრობა იმ პირებისთვის, რომლებიც მცირედ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის მოთხოვნას – გაეთავისუფლებინათ საჯარო უწყებების შესასვლელები. სახელმწიფოს ამგვარი დამოკიდებულება, ორგანიზაციის თქმით, არღვევს თავისუფალი შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი