ახალი ამბები

პარლამენტის მთავარ შესასვლელთან მიმავალი ქუჩები პოლიციას აქვს ბლოკირებული

26 ნოემბერი, 2019 • 1330
პარლამენტის მთავარ შესასვლელთან მიმავალი ქუჩები პოლიციას აქვს ბლოკირებული

პოლიციელებს აქციის დაშლის შემდეგ ავტობუსებით აქვთ ბლოკირებული საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი. ავტობუსების უკან კი პოლიციის ცოცხალი ძალა დგას. მოქალაქეები ცდილობენ, რომ ტროტუარის გავლით მაინც მიუახლოვდნენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, თუმცა, უშედეგოდ.

პოლიციელები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც არ არიან აქციის მონაწილეები. მაგალითად, ნეტგაზეთმა გადაიღო ბავშვი რომლის თქმითაც, სკოლაში მიდიოდა, თუმცა პოლიცია მას არ ატარებდა.

26 ნოემბერს პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 5 საათზე დაშალა, რა დროსაც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 3 პირი.

შსს-ს ცნობით კი, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი