ახალი ამბები

შსს: 26 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულია 28 პირი, დაშავდა – 3

26 ნოემბერი, 2019 • 2355
შსს: 26 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულია 28 პირი, დაშავდა – 3

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს, 3 ადამიანი კი დაშავდა.

სპეცრაზმმა აქცია დილით, დაახლოებით 5 საათზე დაშალა.

დაკავებულებვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს ედავებიან.

როგორც შსს აცხადებს, პოლიციელებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

“აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია”, – აცხადებს შსს.

ამ დროისათვის [09:10] პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციელები არიან მობილიზებული, ასევე, მისასვლელი გზები პოლიციას ავტობუსებით აქვს ჩაკეტილი. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთანაა. ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.

მიმდინარე წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი