ახალი ამბები

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მესამე სატვირთო მანქანა ჩამოართვა

25 ნოემბერი, 2019 • 959
პოლიციამ აქციის მონაწილეებს მესამე სატვირთო მანქანა ჩამოართვა

ტელეკომპანია “ტვ პირველის” ინფორმაციით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებს აქციისთვის საჭირო ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანა ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ეს არის მესამე მანქანა, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჩამოართვა.

“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია შეეცადა პოლიციისთვის ხელი შეეშალა და პოლიციის წარმომადგენლებისთვის არ გაეტანებინა სატვირთო მანქანა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა ჭარხალაშვილის თქმით, პოლიცია მათ ნივთებს მთელი დღის განმავლობაში “დასდევს”:

“კონკრეტულად იციან, რომელი მანქანებით გადაადგილდებიან ის ადამინები, რომელთაც ჩვენთვის საორგანიზაციო ნივთები მოაქვთ… ჩვენი ფინანსები გაიტაცეს, ჩვენ ხალხის თანხით ვიყიდეთ ეს ყველაფერი”, – ამბობს ჭარხალაშვილი.

მისი თქმით, პოლიციამ სატვირთო მანქანის გაჩერებისას მძღოლი მოატყუა, თითქოს მისი მანქანა მწყობრიდან იყო გამოსული.

დღეს, 25 ნოემბერს, ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამი პირი, რომელთაც სატვირთო მანქანით შეშა და აქციისთვის საჭირო ეკიპირება გადაჰქონდათ პარლამენტის მიმართულებით. “ევროპული საქართველო” ამბობს, რომ ეს მათი ავტომობილი იყო, რომელიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

შეშით დატვირთული მანქანა საჯარიმოზეა, ორი პირი დავაკავეთ – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი