ახალი ამბები

შეშით დატვირთული მანქანა საჯარიმოზეა, ორი პირი დავაკავეთ – შსს

25 ნოემბერი, 2019 •
შეშით დატვირთული მანქანა საჯარიმოზეა, ორი პირი დავაკავეთ – შსს

შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ “ევროპული საქართველოს” მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, ხოლო იქ მსხდომი ადამიანები – ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, ეს პირები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დამოუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პოლიციამ  პარტიის მანქანა გაიტაცა, რომელზეც მიტინგისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის, შეშა იყო. როგოც მან “ტვ პირველის” ეთერში თქვა, პარტიის კუთვნილ მანქანას პოლიციამ ქაშუეთის ეკლესიასთან გაჩერების საშუალება არ მისცა, შემდეგ კი გაიტაცეს. პარტიის კიდევ ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით კი, მანქანაში პარტიის წევრები ისხდნენ.

ოპოზიციას დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტის შენობის პიკეტირება აქვს დაგეგმილი, რათა ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომა ვერ გაიმართოს. მსგავსი პიკეტირება სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ასე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი