ახალი ამბები

ოპოზიციის პოზიცია “ოცნებასთან” თანამშრომლობის პერსპექტივაზე

25 ნოემბერი, 2019 • 908
ოპოზიციის პოზიცია “ოცნებასთან” თანამშრომლობის პერსპექტივაზე

დღეს, 25 ნოემბერს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის “ოცნება“ რიგ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს არ დააყენებს და “ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“, ოპოზიციურ პარტიებს  თუ დამოუკიდებელ კანდიდატებს გამარჯვების შანსს მისცემს.

ამ განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობა, მათ შორის – ალეკო ელისაშვილი, “გირჩი”, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, “პატრიოტთა ალიანსი“, დავით უსუფაშვილი, “ევროპული საქართველო“ და “ლელო“. ისინი “ოცნების” შეთავაზებას ემიჯნებიან. მათი უმეტესობა ამბობს, რომ “ოცნება“ ამ განცხადებით იტყუება და ქვეყანაში არსებული სიტუაციის სირთულეს ბოლომდე ვერ აღიქვამს.

კახა კალაძის განცხადებას ემიჯნება და ბოდვას უწოდებს ალეკო ელისაშვილი, მისი თქმით, “ოცნების“ მხრიდან მსგავსი განცხადებები მოსახლეობისთვის “ნაცრის შეყრის დაპირებაა“.

“თვითონაც ხვდებიან, რომ სიტუაცია არის მძიმე, ხვდებიან, რომ რაღაც კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგან – უცხოეთიდან დიდი ზეწოლაა, ქვეყნის შიგნით კი არის დიდი ჯანყი, პროტესტი… რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს კომპრომისი არ არის. ან კალაძეს გულწრფელად ჰგონია, რომ დებილები ვართ, ან არადა, არ ვიცი… ეს, რაც გვითხრეს, თვითონაც ვერ გაიგებენ და რანაირად უნდა იყოს ჩვენთვის კომპრომისული. ეს ნაცრის შეყრაც არაა, ესაა ნაცრის შეყრის დაპირება“, – ამბობს ელისაშვილი ნეტგაზეთთან.

მოსაზრებას, რომ “ოცნებას“ სიტუაციის რაციონალური გააზრება აღარ შეუძლია”, ეთანხმება ეკა ბესელიაც. ტელეკომპანია “პირველთან“ საუბარში ის ამბობს: “ოცნების“ნაბიჯები არის საკუთარი ძალაუფლებით ტკბობის დემონსტრირება, რასაც უფრო მეტად მივყავართ კრიზისისკენ.

“ეს არის აბუჩად აგდება ხალხის, იმიტომ, რომ ამ განცხადებით ეუბნები მას, რომ არ გაინტერესებს ეს განწყობა და ეს პროტესტი, რომელსაც უერთდება ყველა, “ქართული ოცნების“ გარდა“, – ამბობს ეკა ბესელია.

კალაძის დღევანდელ განცხადებას აკრიტიკებენ “ლელოსა“ და “გირჩში“. “ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ამგვარი განცხადებები “პოლიტიკური თაღლითობაა.

კოჟორიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მაჟორიტარულ არჩევნებში “ოცნების“ დეპუტატი გაიმარჯვებს, თუ მისი რომელიმე პოლიტიკური სატელიტი, ყველა ეს ხმა ივანიშვილის ყულაბაში წავა. “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი კი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ “ოცნების“ დღევანდელ განცხადებას არასერიოზულად აღიქვამენ.

ტყუილად და “თვალებში ნაცრის შეყრად“ აფასებენ “ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას “პატრიოტთა ალიანსში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე განმარტავს, რომ მმართველ გუნდს ქვეყანა ღრმა კრიზისში შეჰყავს .

“როგორ არის ახლა, ჭკვიანად უნდა მოვიქცეთ და ამ პარტიების ნუსხაში მოვხვდებით? ეს ისეთი დაცინვაა და ვაჭრობაა პოლიტიკურ პარტიებთან, რომ უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილია”, – ამბობს გოჩა თევდროაძე.

“ახლა ვინც დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ აქ არ დავდგები, იქ არ დავდგები, პირდაპირ აწერს ხელს იმაზე, რომ ქვეყანა ერთ დიდ სავაჭრო დახლად გადაიქცეს“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე “მთავარ“ არხთან.

“ქართული ოცნების“ განხცხადებას ვაჭრობას უკავშირებს დავით უსუფაშვილიც, “შენების მოძრაობის” ლიდერი “ვაჭრუკანულ წინადადებას” უწოდებს ხელისუფლების შეთავაზებას იმის შესახებ, რომ 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, “ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს  გამარჯვების რეალური შანსი ექნება”.

კალაძისვე განმარტებით, 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის კუთხით ხელისუფლება ნებისმიერი სახის ცვლილებას გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი