ახალი ამბები

“თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, ფოჩები მაინც შეფუთონ” – უსუფაშვილი

25 ნოემბერი, 2019 • 1018
“თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, ფოჩები მაინც შეფუთონ” – უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი “ვაჭრუკანულ წინადადებას” უწოდებს ხელისუფლების შეთავაზებას იმის შესახებ, რომ 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს.

“მე მგონია, პოლიტიკაში ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დასაცავია ღირსება.  “ქართული ოცნება” სჯობს დაუფიქრდეს ამ თავისი ბოლო წინადადების საკითხს და საკუთარი ღირსების ჭრილში გაატაროს, ჩემს ღირსებაზე ნუ ილაპარაკებენ. იმიტომ, რომ თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, მაშინ იქნებ ეს ფოჩები კარგად მაინც შეფუთონ ,იმიტომ, რომ უყურეთ: “ყველა “ნაცები” არიან, ვინც “ოცნებას” არ ეთანხმება და ვინც “ნაცი” არ იქნება, ჩვენ მას მივეხმარებით, არჩევნებში არ დავუყენებთ კანდიდატსო”. ასეთი ვაჭრუკანული წინადადებების იქით ვერ მიდის “ოცნება” და ეს არის სწორედ  უბედურება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს სამართლიანი, ღირსეული და ვაჟკაცური შეჯიბრის გამართვას, ხელისუფლება კი ამბობს, “ვინც გაიყიდება, იმათ ვიყიდითო”.

“ქართული ოცნების” გენერალურის მდივნის, კახა კალაძის თქმით, “ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს  გამარჯვების რეალური შანსი ექნება”.

კალაძისვე განმარტებით, 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის კუთხით ხელისუფლება ნებისმიერი სახის ცვლილებას გამორიცხავს.

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი