ახალი ამბები

“ეს არის აბსოლუტური ბოდვა” – ელისაშვილი კალაძის განცხადებაზე

25 ნოემბერი, 2019 • 1005
“ეს არის აბსოლუტური ბოდვა” – ელისაშვილი კალაძის განცხადებაზე

“ეს არის აბსოლუტური ბოდვა“ – ასე აფასებს ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს “ოცნება“ რიგ ოლქებში მაჟორიტარების კანდიდატს არ წარადგენს და “ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“, ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსს მისცემს.

ელისაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება ტყუილია ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის:

“ჯერ ერთი, კანონმდებლობის დონეზე აპირებენ განსაზღვრას, ვინ არის “ნაციონალური მოძროაბა“ ან მისი სატელიტი?“ როგორ გაარკვევენ? და პლებისციტს რატომ ატარებენ, რომ პროპორციული 2024-დანაც ამოიღონ? ამიტომ ეს არის აბსოლუტური ბოდვა“, – ამბობს ელისაშვილი.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნება“ რეალობას მოწყვეტილია და ვერ ხვდება, თუ რა ხდება ქვეყანაში – “როგორც ჩანს, მათი ჯიპების ფანჯრები ძალიან დამუქდა“.

“ხალხი ითხოვს მარტივ რამეს – ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს. დანიშნონ ეს არჩევნები ყოველგვარი ბოდვისა და ხლართვის გარეშე და კაციშვილი აღარ გამოვა ქუჩაში. ყოველი შემთხვევისთვის, მე შემიძლია ჩემი თავისა და ჩემი სამოქალაქო მოძრაობის სახელით ვთქვა, რომ ჩემგან არავინ გამოვა ქუჩაში, თუ დაინიშნება ვადამდელი პროპორციული არჩევნები.

თვითონაც ხვდებიან, რომ სიტუაცია არის მძიმე, ხვდებიან, რომ რაღაც კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგან – უცხოეთიდან დიდი ზეწოლაა, ქვეყნის შიგნით კი არის დიდი ჯანყი, პროტესტი. და რაღაც კომპრომისზე უნდა, რომ წავიდნენ, მაგრამ ეს კომპრომისი არ არის. ან კალაძეს გულწრფელად ჰგონია, რომ დებილები ვართ, ან არადა, არ ვიცი… ეს, რაც გვითხრეს, თვითონაც ვერ გაიგებენ და რანაირად უნდა იყოს ჩვენთვის კომპრომისული

ეს ნაცრის შეყრაც არაა, ესაა ნაცრის შეყრის დაპირება“, – ამბობს ელისაშვილი ნეტგაზეთთან.

“მივიღეთ გადაწტვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი”, – ეს “ქართული ოცნების” სახელით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ დღეს თქვა.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის გამორიცხულია რაიმე ცვლილება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი