ახალი ამბები

ინდოელმა სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

24 ნოემბერი, 2019 • 1987
ინდოელმა სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

საქართველოში მცხოვრები ინდოელი სტუდენტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

სტუდენტებმა სოლიდარობის მიზნით თეთრი ხალათები ჩაიცვეს და გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე პლაკატები მიიტანეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდეს:

“ჩვენი მიზანია ხმა გავაგონოთ მათ, ვისაც აქვს საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად რაიმე მოიმოქმედოს”, – ამბობს აქციის ორგანიზატორი დარისპან პრაშერი – “ჩვენს გვერდით დგანან სტუდენტები, რომლებიც მომავალში გახდებიან ექიმები და შესაძლოა ისინიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდენ”.

პრაშერის განმარტებით, მათ ინდოეთში უკვე გაავრცელეს ინფორმაცია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან ქართველი ექიმის დაკავების შესახებ.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი