ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის დე ფაქტო გამგებელი: ქართული ენის ნაცვლად სკოლაში შეგვიძლია ვასწავლოთ მეგრული

23 ნოემბერი, 2019 • 5986
გალის დე ფაქტო გამგებელი: ქართული ენის ნაცვლად სკოლაში შეგვიძლია ვასწავლოთ მეგრული

აფხაზეთში, გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აცხადებს, რომ აფხაზეთში შესაძლოა სხვადასხვა ზომებს მიმართონ გალიდან და ტყვარჩელიდან აბიტურიენტების საქართველოში გადინების შესაჩერებლად. ნადარაიამ ამ თემაზე НУЖНАЯ ГАЗЕТА-ს ესაუბრა.

„160 მოზარდი წავიდა საქართველოში სასწავლად, ტყვარჩელისა და გალის რეგიონიდან, 30-მა კი აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები აირჩია. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა იბლოკება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით. ჩვენ სხვა ღონისძიებას მივმართავთ: იმ რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობას, რომლებიც საქართველოში ირჩევენ სწავლას, აქვთ ბინადრობის უფლება და კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც აქვს ბინადრობის უფლება და არ ცხოვრობენ აფხაზეთში ექვს თვეზე მეტს, ჩამოერთმევათ ეს უფლება. გვინდა ვუთხრათ უფროსკლასელებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საქართველო სასწავლებლად, მაგრამ 6 თვის შემდეგ მათ ჩამოერთმევათ აფხაზეთში ცხოვრების უფლება და აქ ჩამოვლენ, როგორც უცხოეთის მოქალაქეები, ვიზით. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რაზეც იძულებული ვართ წავიდეთ.

და მეორე ღონისძიება, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას – ჩვენ შევწყვეტთ ქართული ენის სწავლებას სკოლებში. ჩვენი კანონი და კონსტიტუცია არ ავალდებულებს ჩვენს ქვეყანას იზრუნოს ქართულ ენაზე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის კეთილი ნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მეგრელები, რომლებიც ფლობენ მეგრულ ენას, ქართული ენის ნაცვლად შეგვიძლია ვასწავლოთ მეგრული ენა. ვფიქრობ, ჩვენი მეცნიერებათა აკადემია დაგვეხმარება ამ ამოცანის გადაჭრაში. მაგრამ ეს საკითხი განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომელებიც ორიენტირებულნი არიან საქართველოში სწავლაზე. არავის ავიწროებს მათ ისწავლონ ქართული ენა, მაგრამ სახელწიფო სკოლებში ჩვენ არ ვართ ვალდებული ვასწავლოთ ქართული“ – განაცხადა ნადარაიამ.

ინტერვიუში ასევე საუბარი შეეხო აფხაზ პაციენტებს, რომლებიც საქართველოში მკურნალობენ. ნადარაიას თქმით, „ეს უფრო რთული საკითხია“:

საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების რაოდენობა მზარდია

„როცა საქმე უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენ არ შეგვიძლია პირობების დაყენება. ….საქართველოში ცდებიან, მიიჩნევენ რა, რომ სამედიცინო დახმარება გახდება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მიზეზი. “.

ნადარაია ასევე შეეხო ქართულ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობას, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ზრდასა და ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გამარტივებით.

თემურ ნადარაია აცხადებს, რომ ეს ინიციატივა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ემუქრება:

„ჩვენ ისე გავერთეთ შიდაპოლიტიკური ბრძოლებით, რომ დაგვავიწყდა, ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე მუშაობს. ეს პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, არის ინფორმაციული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც საქართველო აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანაა გალის მოსახლეობის ინტეგრაცია, ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა“ – ამბობს ის.

“ხან ჯაშუშებს, ხან კი საქართველოს ლობისტებს გვიწოდებენ”- ვინ ებრძვის NGO-ებს აფხაზეთში

ნადარაია ასევე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზების გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას, НУЖНАЯ ГАЗЕТА-ს სტატიის თანახმად აფხაზეთში მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართული საქონელი მაინც შედის აფხაზეთში კონდრაბანდის გზით, ვაჭრობა კი აფხაზეთს მისცემდა საშუალებას ბიუჯეტში შესულიყო გადასახადებისგან ამოღებული თანხა.

„ვაჭრობა საქართველოსთან ემუქრება აფხაზეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას. ამ საკითხს ტაბუ უნდა დაედოს. ეს ჩემი პოზიციაა. არავითარი ვაჭრობა არ შეიძლება ქვეყანასთან, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში იმყოფები. ეკონომიკურად უფრო ძლიერი საქართველოს ეკონომიკურად უფრო სუსტი აფხაზეთის ბაზარზე ყოფნა წარმოადგენს სავაჭრო ექსპანსიას.

აფხაზეთის ეკონომიკა და აფხაზი მეწარმე ვერ გაუძლებს ასეთ კონკურენციას, რადგან საქართველოდან შემოვა არა მხოლოდ ქართული საქონელი, არამედ ირანული და თურქული“ – ამბობს ნადარაია.

ის ასევე დასძენს, რომ ქართული საქონლის ყიდვით, აფხაზები დააფინანსებენ საქართველოს არმიას, რომელმაც „ხვალ შესაძლოა ესროლოს აფხაზებს“.

ქართული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ნადარაიას ამ განცხადებებს.

___________

ფოტოზე: თემურ ნადარაია

მასალების გადაბეჭდვის წესი