“ხან ჯაშუშებს, ხან კი საქართველოს ლობისტებს გვიწოდებენ”- ვინ ებრძვის NGO-ებს აფხაზეთში

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე, მათ როლზე აფხაზეთში, მითებზე და სოციალურ ქსელებში თავდასხმებზე გაიმართა დისკუსია, სახელწოდებით “ვისაუბროთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე”.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების უფასო პლატფორმა “პროსპექტი”, ფაქტიურად, სოხუმში ერთადერთი გამოკვეთილი ადგილია, სადაც ხშირად იკრიბებიან ხოლმე აქტიური მოქალაქეები მწვავე საკითხების განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად.

ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებზე სასაუბროდ მოქალაქეები შეკრიბეს კამა არგუნმა, აფხაზეთში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია “პანორამის” [არასრუწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენცია] ხელმძღვანელმა და ალიონა კუვიჩკომ [არსამთავრობო ორგანიზაცია «Инвасодействие»].
დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სხვადასხვა პროექტებში ჩართული ახალგაზრდები. ისინი კი, ვინც ყველაზე მწვავედ და უარგუმენტოდ აკრიტიკებდნენ NGO-ების საქმიანობას აფხაზეთში, შეხვედრას არ დასწრებიან.

“ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი ვართ. ჩვენი საქმიანობა და ჩვენი ფინანსური ანგარიშებიც აბსოლუტურად ღიაა ყველასთვის, ასევე, ჩვენი მისამართებიც და ოფისის ტელეფონებიც მითითებულია ჩვენს ოფიციალურ გევერდებზე და სოციალურ ქსელებში. ამის მიუხედავად, არ წყდება ჩვენი ტალახში გასვრა, გვიწოდებენ ჯაშუშებს და საქართველოს ლობისტებს”, – ამბობს ალიონა კუვიჩკო, რომელიც არ მალავს გაკვირვებას, რატომ არ მივიდნენ შეხვედრაზე ის ადამიანები, რომლებიც მათში ჯაშუშებს ხედავენ.

“ყველა პოსტი, ფინანსური ანგარიშები თუ სხვა სახის დოკუმენტები, რომლებსაც ისინი აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის საშუალებაა. ეს ანონიმები ცდილობენ შექმნან ხმაური და მტრის ხატი ქვეყნის შიგნით. რომელიმე მათგანი, ვინც ჩვენ გვდებს ბრალს სამშობლოს ღალატში, დღეს რომ მოსულიყო აქ და პირისპირ დაესვა შეკითხვები და გაგვსაუბრებოდა, დავინახავდით, რომ მართლაც აწუხებთ სახელმწიფოს ბედი. თუმცა ხედავთ, რომ შეხვედრაზე არავინ მოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ, თუმცა, რატომ, ეს გამოცანად რჩება”, – ამბობს კუვიჩკო.

კამა არგუნი ჯერ კიდევ მანამდე იყო სამოქალაქო აქტივისტი, სანამ თავად გაიაზრებდა ამას. დაახლოებით ათი წლის წინ მეგობრებთან ერთად მეზობელი ბავშვის მეურვე გახდა. ბავშვის დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და დღეების განმავლობაში არ მიდიოდა სახლში. ბავშვი მთელი დღე სახლში იჯდა და ხუთი წლის ასაკში ლაპარაკი რა იცოდა. მაშინ კამამ და მისმა მეგობრებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

გარდა ამისა, კამა არგუნი მეგობრებთან ერთად მიტოვებული პარკებისა და რკინიგზის სადგურებს ალაგებდა. 2016 წელს კი აფხაზეთის ქალთა ასოციაციაში დაიწყო მუშაობა.

დღეს კამა არგუნს აფხაზეთში საკუთარი ორგანიზაცია “პანორამა” აქვს, სადაც არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობენ.
“ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია COBERM გვაფინანსებს. თუმცა სხვა რომელიმე, აფხაზ ან რუს ბიზნესმენს, კერძო ორგანიზაციას ან სახელმწიფო სტრუქტურას რომ მოეცა ფული, ისევე ვიმუშავებდით, როგორც ახლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვაკეთებთ”, – ამბობს არგუნი.

სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს აფხაზეთში კურსებს გაცნობიერებულ მშობლობაზე, ბრაზის მართვაზე. ასევე, მასტერკლასებს, რომელიც მიმართულია აგრესიის შემცირებაზე ოჯახში, სკოლასა და ქუჩაში.

როგორც კამა გვიყვება, მისთვის პირადად არაერთხელ მიუწერიათ სოციალურ ქსელში და შეურაცხყოფა მიუყენებიათ, მოღალატეც უწოდებიათ. ამბობს, რომ ბევრჯერ ჰქონია მცდელობა, ყველაფერი მიეტოვებინა, მაგრამ მისთვის უფრო ძლიერი აღმოჩნდა სურვილი, აფხაზურ გარემოში რაღაც რომ შეიცვალოს.

“ეს ადამიანები, ანონიმები უბრალოდ ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ. ვიღაცას ძალიან სურს, რომ ჩვენ არ ვიარსებოთ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად დიდ სამუშაოს ატარებენ ახალგაზრდებთან, ქალებთან. ჩვენ ვძლიერდებით, მეტ ცოდნას ვიძენთ საკუთარი უფლებების შესახებ და უფრო რთულია ჩვენი მოტყუება. ალბათ, ეს იმათ არ მოსწონთ, ვინც მიჩვეულია სხვებით მანიპულირებას”, – ამბობს კამა არგუნი.

დისკუსიის მონაწილეთა შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც არასამთავრობოების სხვადასხვა პროექტებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ.
ლევან ვრუბლევსკი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ჰყვებოდა, როგორც დადიოდა ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის მეცადინეობებზე, სადაც მედიაწიგნიერებას ასწავლიდნენ.

“უნივერსიტეტში ასეთ რამეებს არ გვასწავლიან, არადა, მსგავსი ცოდნის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ არ მესმის მათი, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს ებძრვის”, – ამბობს ვრუბლევსკი.

ასიდა ლომია, რომელიც “აფხაზეთის ბავშვთა ფონდის” ხელმძღვანელია, ამბობს, რომ არ სურს საუბარი თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, არც მისი რეკლამირება სოციალურ ქსელებში, რადგან მიიჩნევს, რომ თავდასხმების მეტი საბაბი გაჩნდება.

“რაც არ უნდა გამოვაქვეყნოთ, რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც გამოჩნდებიან ხოლმე ისეთები, ვინც ჩვენს საქმიანობას აკრიტიკებს. ამიტომაც ჯობს, ჩუმად იმუშაო და შენი საქმე აკეთო”, – ამბობს ასიდა ლომია.

თუმცა მას ბევრი კოლეგა არ ეთანხმება.

როგორც ორგანიზაცია “მოზარდთა სახლის” წარმომადგენელი ამბობს, არაფრის ეშინიათ, რადგან დღესდღეობით არასამთავროებს აფხაზეთში საკუთარ თავზე აქვთ აღებული სახელმწიფოს ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა ბაშვებისა და მოზარდების აღზრდა.

“არასამთავრობოები იმისთვისაა საჭირო, რომ დააზღვიონ სახელმწიფო იქ, სადაც ის ვერ ასწრებს მუშაობს. როდესაც ამ ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს, ჩვენც დავიხურავთ ქუდს და წავალთ, მაგრამ ახლა ვხედავთ იმას, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს”, – ამბობს აიდა ლადარია, ორგანიზაციის თანადირექტორი.

სახელმწიფო სტრუქტურები NGO- ების წინააღმდეგ – უახლოესი წარსულის გამოცდილება

2018 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის შესაბამისად, “სახელმწიფო ცენტრალური ორგანოების თანამშრომლებს ეკრძალებათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა”.

გარდა ამისა, აღნიშნული განკარგულებით სავალდებულო გახდა “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. ასევე, სავალდებულო წესით შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრთან ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მართვის ცენტრალური ორგანოების თანამშრომელთა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით”.

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზი ჩინოვნიკები პერიოდულად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ შეხვედრებში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიებზე ქართულ მხარესთან, თუმცა ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, აფხაზი მაღალჩინოსნები მსგავს შეხვედრებზე აღარ მიემგზავრებიან.
დაახლოებით ორი წლის წინ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო შეხვედრებში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ, “ქვეყნის ღალატში” დაადანაშაულეს.

მაშინ ამ კამპანიას პასუხი გასცეს ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტიურმა წარმომადგენლებმა, ვინც წლების განმავლობაში აფხაზეთის სამოქალაქო სექტორს სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში წარმოადგენენ და აფხაზურ პოზიციებს იცავდნენ.

მათი განცხადებით, აფხაზეთში გარკვეული ჯგუფების მთავარი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც დასავლელი დონორები აფინანსებენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ამ ფონზე, შესაძლოა, აფხაზეთში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტის იდეაც გაჩნდეს, რასაც მათი განმარტებით, აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.
უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი, რომელიც რუსეთში არსებობს, აფხაზეთში არ მიუღიათ.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი