ახალი ამბები

პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო – NGO-ები აქციაზე დაკავებულების საქმეზე

21 ნოემბერი, 2019 • 1526
პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო – NGO-ები აქციაზე დაკავებულების საქმეზე

16 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესს მიკერძოებულად და პოლიტიზირებულად აფასებს.

ორგანიზაციები გამოქვეყნებულ წერილში ამბობენ, რომ საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ამასთანავე, ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. კერძოდ:

  • მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლეა და ამგვარ საქმეთა განხილვა შემჭიდროებულ ვადებს მოითხოვს, 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს, ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, ამან კი, სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია;
  • სამართალდამცავებმა პრობლემური საფუძვლებით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამავდროულად, პროცესების დაგვიანების გამო დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადები და დაკავებული პირების ნაწილი 19 ნოემბერს უკვე უკანონოდ იმყოფებოდნენ თავისუფლებაშეზღუდულები. საბოლოოდ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით, მოსამართლე იძულებული გახდა,  დაკავებულები გაეთავისუფლებინა და საქმეთა განხილვა მეორე დღისთვის გადაედო.
  • საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს, სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა;
  • ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ პოზიციების წარმოსადგენად;
  • პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები;
  • საქმეებში ძირითადად დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები იყო წარდგენილი და იშვიათ შემთხვევაში, მედიის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, თუმცა ამ მასალაშიც პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად;
  • ერთ საქმეში პოლიციელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულება თავადაც არ ჰქონდა ნანახი;
  • აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებაში მონაწილე არცერთმა პოლიციელმა სასამართლოში არ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩანაწერი ჰქონდათ და პოლიციელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირდა დაკავების მომენტის აღწერა;
  • მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს, ინსტრუქციის მისაღებად;
  • გაუგებარი იყო მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი, პატიმრობების გამოყენება მოხდა 3-დან 13 დღის შუალედში, თუმცა, რა ლოგიკით მოხდა კონკრეტული დღეების რაოდენობის განსაზღვრა ამ დრომდე გაუგებარია. განსაკუთრებით მკაცრი იყო სასჯელები აქციის ორგანიზატორების მიმართ.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკურლად არარსებობის გამო 20 ნოემბერს სასამართლომ 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო. იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, წერილში ვკითხულობთ, რომ ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ორგანიზაციების თქმით, ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული.

“აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე“, – ვკითხულობთ წერილში.

ამ განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საზოგადოება და ბანკები; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ცენტრი “ემპათია” ; კონსტიტუციის 42-ე  მუხლი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი ; მწვანე ალტერნატივა ; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;

გარეანი ფოტო: ISFED


სასამართლო სხდომა გუშინ, 21 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხოლოდ გვიან ღამით მორჩა. სასამართლომ ათ დაკავებულს, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილს, პატიმრობა შეუფარდა, ერთს- სიტყვიერი გაფრთხილება, ერთს კი- 1000-ლარიანი ჯარიმა.

“მონა” – სკანდირებდნენ დარბაზში და მის მიმდებარედ შეკრებილი მხარდამჭერები მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის მისამართით, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ერთი მოსამართლე იხილავს 37 დაკავებულის საქმეს.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

აქციაზე დაკავებული 25 პირის პროცესი გაურკვეველი დროითაა გადადებული

მასალების გადაბეჭდვის წესი