ახალი ამბები

დეპუტატის აზრით, ბლოკირების სსკ-ის მუხლით დაკვალიფიცირებაც შეიძლება

21 ნოემბერი, 2019 • 2132
დეპუტატის აზრით, ბლოკირების სსკ-ის მუხლით დაკვალიფიცირებაც შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე ფიქრობს, რომ “თუკი მოწმეთა ბაზა იქნება”, 18 ნოემბერს დაკავებული მომიტინგეების ქმედების დაკვალიფიცირება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც შეუძლია.

“თუკი მოწმეთა ბაზა იქნება, ჩემი აზრით, მათი ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლითაც. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ აქ მტკიცებულება არ ჰქონდათ და გაუმართლებლად მიუსაჯეს სასჯელები,  მე არ მიმაჩნია სწორად, რადგან მთელი ქვეყნის წინაშე ხდებოდა ამ ქმედებების განხორციელება”, – განაცხადა ნოზაძემ და დასძინა, რომ პოლიციამ უაღრესად კვლაიფიციურად იმუშავა.

ნოზაძის მიერ ნახსენები 222-ე მუხლის მიხედვით, ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

18 ნოემბერს დაკავებულთაგან თორმეტის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ 21 ივნისის ღამეს გამოაცხადა – ათს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს- სიტყვიერი გაფრთხილება, ერთს კი- 1000- ლარიანი ჯარიმა. დანარჩენი დაკავებულების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.

“მონა” – სკანდირებდნენ დარბაზში და მის მიმდებარედ შეკრებილი მხარდამჭერები მოსამართლე ვალერიან ფილაშვილის მისამართით, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ერთი მოსამართლე იხილავს 37 დაკავებულის საქმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი