ახალი ამბები

პასუხი სახელისუფლებო დემაგოგიას გერმანული მოდელის თაობაზე – უსუფაშვილი

18 ნოემბერი, 2019 • 1421
პასუხი სახელისუფლებო დემაგოგიას გერმანული მოდელის თაობაზე – უსუფაშვილი

“პასუხი სახელისუფლებო დემაგოგიას გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობის თაობაზე”, – ამ სათაურით ავრცელებს განცხადებას “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი . მისი თქმით, ინიციატივა, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს მმართველ გუნდს, სრულად კონსტიტუციურია.

“გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის არგუმენტად სახელდება ის, რომ კონსტიტუცია თითქოს კრძალავს 150-ვე მანდატის განაწილების ერთიანი სისტემის დადგენას საარჩევნო კოდექსით. სინამდვილეში, კონსტიტუცია სწორედ საარჩევნო კოდექსს ანდობს „პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესის“ დადგენას („არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“). აღნიშნული ჩანაწერი არანაირად არ არის მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე (77 მანდატზე) მიბმული, ვინაიდან ნორმა ისეა კონსტრუირებული, რომ შინაარსითაც და კონტექსტითაც აბსოლუტურად ცალსახად ეხება მთელ საარჩევნო პროცესს. ამრიგად, კონსტიტუცია არათუ გამორიცხავს 150 მანდატის მოქცევას განაწილების ერთიან სისტემაში, არამედ პირდაპირ და იმპერატიულად ითხოვს ამას.

შესაბამისად, აბსოლუტურად კონსტიტუციურია საარჩევნო კოდექსით პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების განაწილების შესაძლო მრავალი ვარიანტიდან რომელიმე ისეთი წესის დადგენა, რომელშიც აუცილებლად დაცული იქნება კონსტიტუციის ცალსახა და მკაფიო მოთხოვნები:

ა) 73 მანდატი აუცილებლად მიეკუთვნებათ მაჟორიტარული წესით არჩეულ პირებს;

ბ) 77 მანდატი აუცილებლად განაწილდება პროპორციულ არჩევნებში წარდგენილ და ხმების 3%-ზე მეტის მიმღებ პარტიულ სიებზე.

კონსტიტუციით მითითებული და კოდექსით დადგენილი „მანდატების განაწილების წესის“ ერთ-ერთი ვარიანტია გერმანული მოდელიც, რომელიც პარტიულ სიებზე მანდატების გადანაწილების პროცესში პროპორციულობის შინაარსის განსაზღვრისას ითვალისწინებს მაჟორიტარულად მოპოვებული მანდატების ფაქტორსაც”, – აცხადებს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი