პარლამენტის პრესსამსახურმა უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის კომენტარი გაავრცელა, სადაც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და ამ კონტექსტში “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს.
როგორც ვოლსკი მიიჩნევს, თბილისში მიმდინარე აქციებისა და პარლამენტის პიკეტირების მიზანი ბიუჯეტის ჩაგდება და რევოლუციაა. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი.
როგორც ვოლსკი ამბობს, ქვეყანაში ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიგეგმა ქვეყნის ბიუჯეტი. პარლამენტარის განცხადება დიდწილად ეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს.
“ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი მასშტაბური პროექტები შემოგვთავაზა – განათლების სისტემის სრული რეფორმა, ახალგაზრდებისათვის ესოდენ მისაღები სისტემის აწყობა და ამ სისტემის გარდა, კონკრეტულად, მატერიალურად თვალხილული წარმატება გერმანულ განათლების სისტემასთან ზიარებისა. კიდევ – ქალაქების აღდგენა ფერფლიდან, მუცოს აღდგენა, სხვადასხვა კულტურული პროექტი”, – აცხადებს ვოლსკი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო.
“არ მინდა, პათეტიკურად გამოვიდე, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე ვფიქრობდეთ ისე, რომ არ ვიფიქროთ ქვეყანაზე, მაშინ რად უნდა ან იმ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხის დახარჯვა, თუ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობს? ან ბიუჯეტი რა საჭიროა? ბოლო-ბოლო მოკვდნენ, ვინც მძიმე ავადმყოფია და არც ოპერაცია ეკუთვნის, ასე არ იყო? მთელი თანხა გადასროლილი იყო მშენებლობისკენ, კარგია, ზრდის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ხალხი გვაკლდებოდა”, – ამბობს გია ვოლსკი.
დეპუტატმა გაიხსენა “სააკაშვილის სისტემა” და ის ქვეყნის დანგრევის სურვილში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
“გაიხსენეთ დამოკიდებულება ხალხის მიმართ როგორი იყო, სააკაშვილმა როგორი სისტემა შექმნა და იმ გავრილოვის თემაზე აწყობილი პოლიტიკით როგორ უნდა, რომ ქვეყანა დაანგრიოს, როდესაც გავრილოვი კი არა, მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებით და ბეტეერებით, არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ცუდია, რომ ახალგაზრდებს რაღაც შეიძლება კიდევ მოატყუო, არც შარვალჩახდილი ქართველები ვარგანან, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან და მოწინააღმდეგეს აჩვენებენ ამას ყველაფერს, არ ვარგა ეს სისტემა. სისტემა ვარგა, როდესაც ადამიანები არიან პასუხისმგებლიანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რა ხდება?
ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.
ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.
ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.