ახალი ამბები

ხაზარაძის „ლელოს“ გეგელია, კუპრაძე და სმიტი უერთდებიან

15 ნოემბერი, 2019 • 4492
ხაზარაძის „ლელოს“ გეგელია, კუპრაძე და სმიტი უერთდებიან

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მემარცხენე აქტივისტები და პოლიტიკოსები, ირაკლი კუპრაძე, გრიგოლ გეგელია და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მულტიმილიონერ მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელოს“ უერთდებიან.

დღეს, 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ლელოს“ დანარჩენ 9 ახალ წევრთან ერთად, მათ მამუკა ხაზარაძე წარადგენს. სავარაუდოდ, ისინი პოლიტიკურ პარტია „ლელოსაც“ შეუერთდებიან, რომელსაც ხაზარაძე 12 დეკემბერს წარადგენს. „ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია გრიგოლ გეგელიამ დაუდასტურა.

„ლელოს“ სხვა წევრებთან ერთად ისინი ქმნიან განვითარების და რეფორმის მიმართულების ჯგუფს, რომელიც ეკოლოგიის, შრომისა და განვითარების პოლიტიკაზე იმუშავებს.

„სრული ცენტრისტული თანხმობა“

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რამდენად შეესაბამება მათი ხედვები, მათივე აქტივისტური გამოცდილების გათვალისწინებით, „ლელოს“ ხედვებს, გრიგოლ გეგელიამ ასე უპასუხა:

„ლელო არის ღია, დემოკრატიული ორგანიზმი, სადაც მსჯელობა მიდის ყველა მნიშვნელოვან საკითზე, მათ შორის არსებობს სრული ცენტრისტული თანხმობა იმ მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს და რაზეც წლებია ვსაუბრობთ: შრომითი უფლებები, ეკოლოგია, განვითარების პრობლემები, სოციალური შესაძლებლობები, დასაქმება“.

გეგელიას თანახმად, მთავარია, ჩვენ ვთანხმდებით: „ადამიანი არის მთავარი ღირებულება და სისტემა, სახელმწიფო და ხელისუფლების თითოეული ჭანჭიკი უნდა მუშაობდეს ადამიანის კეთილდღეობის მისაღწევად“.

მისი თქმით, „ლელოს“ პრიორიტეტი იქნება „როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება და სამართლის უზენაესობა, ასევე, მწვანე და განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგის შექმნა“.

„ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ წრიულობას, რომელმაც საქართველო განადგურების პირას მიიყვანა, შევქმნით სრულიად ახალ ეთიკურ და პროფესიული სტანდარტს ქართულ პოლიტიკაში, ნიჭსა და ხარისხსს მივცემთ გასაქანს, რათა საქართველო იქცეს წარმატების, ბედნიერების და ხარისხის ეპიცენტრად“, — ამბობს გეგელია.

ვინ არიან „ლელოს“ ახალი წევრები?

გრიგოლ გეგელია, პოლიტიკური აზრის ისტორიკოსი, 2019 წელს მაისში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. ეს მისი პირველი ცდა იყო პოლიტიკურ ველზე, რის შედეგადაც V ადგილზე გავიდა ხმების 3.14%-ით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიასა და საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობს. გეგელია არსებულ პოლიტიკურ ელიტებს აკრიტიკებს და თავის გამოსვლებში მთავარ აქცენტს სოციალური სამართლიანობის საკითხებზე სვამს.

იურისტი ირაკლი კუპრაძე სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ისა“ და ეკოლოგიურ საკითხებზე ორიენტირებულ ჯგუფ „მწვანე მუშტის“ წევრი იყო. წლბის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს საყდრისის დაცვას, ჩნდებოდა მუშების გაფიცვებზე სხვადასხვა რეგიონში, ასევე, მედიაში.

2019 წლის მაისში ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც გრიგოლ გეგელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარადგინეს და გეგელიას საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი წარმოშობით ბრიტანეთიდანაა და უკვე მრავალი წელია, საქართველოში ცხოვრობს და ჟურნალისტიკასა და აქტივიზმშია ჩართული.

საარჩევნო გამოცდილება ჯოზეფ ალექსანდერ სმიტსაც აქვს: პროფესიით ჟურნალისტმა 2017 წლის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებლად იყარა კენჭი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში და მესამე ადგილზე გავიდა ხმების 14%-ით.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი. 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

2019 წლის მაისში, ირაკლი კუპრაძესთან და სხვებთან ერთად, ისიც იყო გრიგოლ გეგელიას კანდადატურის წარმდგენი ცესკოში.

„ლელო“

სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის 12 სექტემბერს დააარსეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა და ყოფილმა მმართველებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. ამას წინ უძღოდა მათთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენება 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე. მათი სასამართლო ახლა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს ანაკლიაში განაცხადა, რომ მის მოძრაობას „ჰორიზონტალური სტრუქტურა“ ექნება და  მოძებნის „12 ლიდერს“, „12 რეფორმატორს“ ყველა სფეროში. „ლელო“ პერიოდულად წარადგენს ხოლმე ახალ-ახალ 12 წევრს.

საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული „ლელოს“ წესდებაში მოძრაობის მიზნებად გაწერილია:

  • სიღარიბის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის მისაღწევად;
  • მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა;
  • ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება განვითარების, წარმატების მიღწევისა და ღირსეული ცხოვრების რეალური შესაძლებლობა;
  • დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება და განვითარების ხელშეწყობა;
  • სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა;

ამასთანავე, ხაზარაძეს ნათქვამი აქვს, რომ ლელო „მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია იქნება“.

სხვადასხვა საკითხზე მამუკა ხაზარაძის ხედვების შესახებ მეტის გასაგება, გირჩევთ, წაიკითხოთ მასთან „ნეტგაზეთის“ ინტერვიუ:

ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება — ინტერვიუ ხაზარაძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი