„ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა „ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეცვალოს ანაკლიის პორტის პროექტის მოდელი და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არაა ანაკლიის პორტის აშენება.
„2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ე.წ. „BOT”-ის მოდელი. სწორედ ამ მოდელით და ამ მეთოდით გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც დასავლელი ინვესტორები აშენებდნენ ანაკლიის პორტს, მაგრამ საბოლოოდ 100%-ის მფლობელი აღმოჩნდებოდა ქართული სახელმწიფო. შემდეგ თავადვე ჩამოართვეს დასავლელ პარტნიორებს ინვესტიცია და ჩააგდეს ეს პროექტი. მაშინ, როცა ანაკლიის პორტს პირველი გემი უნდა მიეღო 2020 წელს, 2021 წელს ახალ მოდელზე საუბრობენ.
მას შემდეგ 2022 წელს ახალი მოდელი შემოიტანეს. ე.წ. „PPP მოდელი“, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო იქნებოდა 51% საკუთრების მფლობელი ანაკლიის პორტში და 49% ექნებოდა კომუნისტური ჩინეთის ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას. ეს პროექტიც ჩააგდეს და ისევ მოატყუეს საზოგადოება.
ახლა უკვე 2026 წელს, მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, 6 წლის წინ უნდა მიეღო პირველი გემი, უნდა გაკეთებულიყო რკინიგზა და მიეყვანათ შესაბამისი გზა, გამოდიან ახალი მოდელით. ე.წ. „ლენდ ლორდის“ მოდელით, თუმცა საზოგადოებას უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არც ერთ მოდელში არ არის. ამ სამივე მოდელის მიხედვით შესაძლებელია საერთაშორისო პორტების ოპერირება. პრობლემა არის ხელისუფლებაში, პრობლემა არის ივანიშვილში, რომელსაც არ უნდა და არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის აშენებით. მას არ უნდა, რომ საქართველომ შეიძინოს უსაფრთხოების ახალი ჩარჩო, არ უნდა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ეკონომიკა, არ უნდა საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ივანიშვილს უნდა მხოლოდ საკუთარ ბედზე ზრუნვა, მერკანტილური სურვილებისა და მიზნების დაკმაყოფილება და რუსული დავალებების შესრულება“, – თქვა კუპრაძემ.
კუპრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის ანაკლია არასდროს ყოფილა მხოლოდ პორტი, არც ბიზნეს-პროექტი. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიბრუნოს ისტორიული და გეოპოლიტიკური ღირებულება და მნიშვნელობა, რასაც სჭირდება ეროვნული და კარგი ხელისუფალი, რომელიც ვერ იქნება ივანიშვილი. ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება“, – თქვა კუპრაძემ.
„ლელოს“ აზრით, აუცილებელია, საქართველომ გამოიყენოს საერთაშორისო შესაძლებლობა, ე.წ. „ტრამპის გზის“ გაგრძელება, სომხეთსა და აზერბაიჯანის შემდეგ, რომ არ იყოს ჩაკეტილი დერეფანი და შავი ზღვა გახდეს ამიერკავკასიის კარიბჭე, რომლის გასაღები იყოს საქართველოს სახელმწიფოს ხელში.
