ახალი ამბები

ჩვენ ვიქნებით მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია — მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი, 2019 • 2908
ჩვენ ვიქნებით მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია — მამუკა ხაზარაძე

„ჩვენ ვიქნებით ცენტრისტული [პარტია] მემარჯვენე განხრით“, — ასე უპასუხა სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მულტიმილიონერმა მამუკა ხაზარაძემ „მთავარ არხზე“ „მთავარი აქცენტების“ თანაწამყვანის, ეკა კვესიტაძის კითხვას მომავალი პარტიის იდეოლოგიური პოზიციონირების შესახებ.

მამუკა ხაზარაძემ და მისმა დიდი ხნის პარტნიორმა, ბადრი ჯაფარიძემ 12 სექტემბერს ანაკლიაში ოფიციალურად წარადგინეს სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“. იმავე დღეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა(ა)იპ „მოძრაობა ლელო“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი პოეტი რატი ამაღლობელია.

ხაზარაძე აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებენ არც მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“.

ამავე დროს, მისმა პარტნრიორმა, ბადრი ჯაფარიძემ „ლელოს“ პრეზენტაციის შემდეგ თქვა, რომ „უნდა დასრულდეს წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა“ და მათი მოძრაობისთვის/პოლიტიკური პარტიისთვის არ არსებობს „საძულველი პოლიტიკური ძალა ან საძულველი პიროვნება“.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს/ექნება თუ არა მის მოძრაობას/პარტიას მწყობრი შეხედულებები ეკონომიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ჯანდაცვაზე, ჩაგრული ჯგუფების უფლებებზე და ა.შ. ხაზარაძეს მხოლოდ ის თქვა, რომ „პროდასავლურ პარტიას“ აყალიბებს.

მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს ანაკლიაში განაცხადა, რომ მის მოძრაობას „ჰორიზონტალური სტრუქტურა“ ექნება და ის მოძებნის „12 ლიდერს“, „12 რეფორმატორს“ ყველა სფეროში.

უცნობია ისიც, თუ რა ექმევა პარტიას — რომლის დაფუძნებაც ოქტომბერშია დაანონსებული — და ვინ გაწევრიანდება მასში.

რატი ამაღლობელის დარეგისტრირებულ „ლელოს“ წესდებაში მოძრაობის მიზნებად გაწერილია:

  • სიღარიბის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის მისაღწევად;
  • მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა;
  • ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება განვითარების, წარმატების მიღწევისა და ღირსეული ცხოვრების რეალური შესაძლებლობა;
  • დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება და განვითარების ხელშეწყობა;
  • სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა;

ნახეთ, ვინ უერთდება „ლელოს“:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი