ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

29 მარტი, 2019 • 4341
გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია 29 მარტს ოფიციალურად წარადგინეს.

ბრიფინგზე გრიგოლ გეგელიამ თავისი სიტყვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხსენებითა და იმ პერიოდის დღევანდელობასთან შედარებით დაიწყო: “100 წლის წინ, სწორედ ამ კვირებში, ამ ქუჩებში გამოცხადდა საქართველოში ეროვნული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო. 100 წლის წინ ამ ქვეყნის მიწაზე იქმნებოდა პროგრესული რესპუბლიკა… 100 წლის შემდეგ საქართველოში პროგრესის იდეაც კი დავიწყებულია”.

გეგელია ბოლო რამდენიმე წელია, მედიასა და საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობს. იგი არსებულ პოლიტიკურ ელიტებს აკრიტიკებს და თავის გამოსვლებში მთავარ აქცენტს სოციალური სამართლიანობის საკითხებზე სვამს.

29 მარტს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა: “ჩვენ გვყავს პოლიტიკური კლასი, რომელმაც დააღალატა მთელი სახელმწიფო, თავისი ხალხი. 100 წლისთავზე ჩვენ ვიწყებთ ახალ ბრძოლას პროგრესისთვის და ახალი სახალხო პოლიტიკისთვის”. გეგელიამ ამას “რთული, მაგრამ უკომპრომისო ბრძოლა” უწოდა — “ბრძოლა ყველა იმ ინტერესისთვის, რომელიც დღეს სრულიად უგულებელყოფილია ქართული პოლიტიკური კლასის მიერ”.

გეგელიას თანახმად, მისი საარჩევნო კამპანია “იქნება გალაშქრება ძლიერი პარტიებისა და დიდი ფულის წინააღმდეგ”.

[yellow_box]რაზე აკეთებს კანდიდატი აქცენტს?[/yellow_box]

კანდიდატი ამბობს, რომ ყურადღებას გაამახვილებს “ავარიულ სახლებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე; ეკოლოგიურ საკითხებზე, საჯარო სივრცეზე, საჯარო სივრცის დაცვაზე კაპიტალისგან, რომელიც მას მუდმივად ესხმის თავს, და გამწვანებაზე”.

“მთაწმინდა არის ყველაზე მჭირდოდ დასახლებული ოლქი, იმავე დროს, მთაწმინდას არ გააჩნია სპორტული დარბაზები, სკვერები. მნიშვნელოვანია სწორი, ჯანსაღი განვითარებისთვის, პირველ რიგში, ბავშვების განვითარებისთვის, რომ მთაწმინდას ჰქონდეს ადეკვატური რაოდენობის მწვანე სივრცე. ჩვენ ამ პრობლემებს აუცილებლად მივხედავთ. მთაწმინდაზეა მელიქიშვილის გამზირი, რომელიც არის ყველაზე დაბინძურებული ქუჩა ოლქში. ჩვენ აუცილებლად მივემხრობით და ვიმუშავებთ კანონის გამკაცრებას იმისათვის, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქე არ იხრჩობოდეს”;

გრიგოლ გეგელიამ ასევე განაცხადა: “საოლქო დონეზე შევხედავთ ეკონომიკურ საკითხებს, თუ როგორ მუშაობს ოლქის ეკონომიკა. აქ ჩვენ არაერთი იდეა გვექნება ოლქის განვითარების თვალსაზრისით”.

სახელმწიფო საკითხებზე მისი შეხედულება ასეთია: “ეროვნული საკითხები, რომელშიც შედის მშრომელთა უფლებები, ინკლუზიური ზრდა, სხვადასხვა ადამიანთა სრულფასოვანი ინტეგრირება თავისივე სამშობლოს პოლიტიკაში, — ეს ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.

“უფრო ფართო ეკონომიკის დონეზე, ჩვენ ვიმუშავებთ ინდუსტრიალიზაციის პრობლემაზე, რადგან გვწამს, რომ ეს არის ერთ-ერთი, თუმცა, არა ერთადერთი, ძალიან მნიშვნელოვანი გზა ეკონომიკური ზრდისა”, — განაცხადა გეგელიამ.

[red_box]”დაკარგული ხმის შესატანად”[/red_box]

ნეტგაზეთის კითხვას, მაჟორიტარად თუ აირჩიეს, როგორ წარმოუდგენია საპარლამენტო საქმიანობა — რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან/ფრაქციაში თუ ხედავს საკუთარ თავს, ინიციატივებში ვისი მხარდაჭერის იმედი შეიძლება იქონიოს, გეგელიამ ასეთი პასუხი გასცა:

“არჩევის შემთხვევაში, მე ჩემს თავს ვხედავ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ოლქის მსახურს. ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელშიც მე შეიძლება ვიყო. ჩემი ინტერესი იქნება არა ის, თუ ვინ დამხვდება, არამედ ის, რა ხმას შევიტან გარედან, იმიტომ, რომ დღეს ეს ხმა დაკარგულია, არანაირი ბმა არ არსებობს ქართველ ხალხსა და ქართულ პოლიტიკას შორის. ჩემი უმთავრესი ამოცანა და ინტერესი იქნება, ეს ხმა დავაბრუნოთ პარლამენტში და შიგნით არსებული ხმები შევცვალოთ”.

გეგელიამ ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს “თემატური კოალიციის ფორმატში სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობას”, თუკი საერთო ინტერესი დადგინდება და მისი ოლქი ამ ინტერესის ლობირებას დაავალებს. “სხვა მხრივ მე არავისთან თანამშრომლობას არ ვგეგმავ”.

“დიდი კაპიტალის გარეშე”

გეგელიას ერთ-ერთმა წარმდგენმა, ლევან ლორთქფინაძემ განაცხადა, რომ გრიგოლ გეგელიას “არც პოლიტიკური პარტია უმაგრებს ზურგს, არც რომელიმე დიდი ფინანსური ჯგუფი. მას აქვს მხოლოდ რიგითი მთაწმინდელების, რიგითი მოქალაქეების, ჩვენნაირების მხარდაჭერის იმედი. მხოლოდ ჩვენს იმედად მიდის ამ საარჩევნო ბრძოლაში. მიდის არა იმიტომ, რომ საკუთარი თავი საუკეთესო ჰგონია, — მიდის იმისთვის, რომ დაიცვას ის იდეები, რომელსაც ყველანი უნდა ვემსახუროთ”.

ლორთიფანიძის თქმით, “პარლამენტი არის ქცეული მილიონერთა სავაჭრო-სამრეწველო პალატად. ის სავსეა ადამიანებით, რომლებიც პარლამენტში მხოლოდ იმიტომ შედიან, რომ თავიანთი ბიზნესები დაიცვან. იქ არ ჩანს ჩვენი ქვეყანა და მისი პრობლემები”.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თანახმად, გეგელიას წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: მემარცხენე აქტივისტები — ლევან ლორთქიფანიძე, ირაკლი კუპრაძე და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი; თსუ-ის ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა; არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი ელჩი თათია დოლიძე და იურისტი, ტელერადიოწამყვანი ესმა გუმბერიძე.

ისტორიკოსს განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. იგი ამჟამად ფლორენციის უნივერსიტეტში იდეების ისტორიის მიმართულებით დოქტორობის კანდიდატია.

მთაწმინდაზე საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. ნაწილმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ამას სამომავლოდ აპირებს. გაეცანით ამ კანდიდატთა სიას:

მთაწმინდის მაჟორიტარობის მსურველი 11 კანდიდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი