ახალი ამბები

ციხის თანამშრომლები სტრესულ გარემოში – ზეგანაკვეთური შრომა და დაბალი ხელფასი

15 ნოემბერი, 2019 • 2769
ციხის თანამშრომლები სტრესულ გარემოში – ზეგანაკვეთური შრომა და დაბალი ხელფასი
„ძალიან რთულია პატიმარმა რაიმეს მიაღწიოს ციხის შიდა ადმინისტრაციულ წრეებში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან დაკავშირებული კლინიკის ექიმებთან. სულ მქონდა დავიდარაბა სამედიცინო დეპარტამენტთან, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან“, – ამბობს რამაზ ასლანიშვილი, რომელსაც ციხეში დასაქმებულ პერსონალთან ურთიერთობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, ყოფილი პატიმარია და  15 წელი იხდიდა სასჯელს.

რამაზ ასლანიშვილი – ყოფილი პატიმარი

2018 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატით ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა ციხის  რამდენიმე მონიტორინგი.

,,ყოველთვის მხოლოდ პატიმრების გამოსაკითხად მოდიან, ჩვენ რატომ არ გვეკითხებით, როგორ პირობებში ვმუშაობთ?“ – ჰკითხეს ციხეში მომუშავეებმა 2018 წელს პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის მონაწილეებს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წელია, გარდა პატიმრებისა, სახალხო დამცველი ციხის პერსონალის გამოკითხვასაც ატარებს მათი შრომითი უფლებებისა და სამუშაო პირობების შესახებ. პერსონალი ციხეში პატიმრებზე არანაკლებ დროს ატარებს. ხანდახან ხუმრობენ, ჩვენც პატიმრები ვართო. მათი დასაქმების პირობები მეტყველებს, რომ ციხის პერსონალის მნიშვნელობა კარგად არ აქვს გააზრებული სახელმწიფოს და მათი საქმიანობა დაუფასებელია“, – გვიყვება ,,ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი, ელენე გაბელაია.

ის მიიჩნევს, რომ დაბალი ხელფასი, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური საათები, ციხეში მუშაობაზე საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპები ციხის თანამშრომლებს დაუფასებლობის განცდას უქმნის და  საკუთარ თავს ხშირად მსხვერპლთან აიგივებენ, ასეთ დროს კი დიდი რისკია, რომ პერსონალმა პატიმარზე იძალადოს, როგორც კი საშუალება მიეცემა.

„ციხის პერსონალის მოტივაცია პირდაპირ კავშირშია სამუშაო პირობებთან“, – ამბობს ელენე გაბელაია.

 

რატომ ტოვებენ ციხის თანამშრომლები ხშირად სამსახურს

 

პენიტენციური სისტემის პერსონალის კვლევა 2018 წელს მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“.

კვლევის თანახმად, 4-5 წლის განმავლობაში სამინისტრო დატოვა დაახლოებით 1174-მა თანამშრომელმა. ციხეში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სტრესული საქმიანობაა და განვითარებულ ქვეყნებში პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულებს მცირეხნიანი ინტერვალებით უტარდებათ გადამზადების სხვადასხვაგვარი კურსები, მათ შორის, სტრესის მართვისა და ,,გადაწვის ტრენინგები“.

2014 წლიდან მოყოლებული (შესაძლოა მანამდეც) სამინისტროს არ ჩაუტარებია გადაწვის ტრენინგი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. ეს მოცემულობა პენიტენციური სისტემის პერსონალის კვლევაში ,,შემაშფოთებლადაა“ შეფასებული, იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციურ სისტემას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ჰქონდა, თითოეული თანამშრომელი იყო და არის მუდმივი სტრესისა და დატვირთვის ქვეშ.

რეალობა ისეთია, რომ ციხის პერსონალის ანაზღაურება საქართველოში არ შეესაბამება ციხეში არსებულ რთულ სამუშაო გარემოს. ციხეების უმეტესობაში ნორმაა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაც, მათ შორის, უქმე დღეებშიც, რომელიც არსად აღირიცხება და, შესაბამისად, მისი დამატებით ანაზღაურებაც არ ხდება. კიდევ ერთი პრობლემაა კანონით დადგენილი შვებულებების  სრულად ათვისებაც  – წელიწადში თანამშრომლებს „ეკუთვნით“ მაქსიმუმ 10-12 კალენდარული დღე. იმ პერსონალისთვის, რომელიც 24-საათიან ცვლებში მუშაობს, არ არის გამოყოფილი საშხაპეები და კომფორტულად აღჭურვილი მოსასვენებელი ოთახები.  სამსახურში კვებაც კი ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს – სასადილოების არქონის გამო, სახლიდან მზა და მშრალი პროდუქტების მირთმევა ხშირად სამუშაო მაგიდებზე უწევთ. სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაცია ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა გაითვალისწინა და ბრძანების საფუძველზე 24-საათიან ცვლაში მომუშავეები  2019 წლიდან უკვე ორჯერადი საკვებით არიან უზრუნველყოფილი ციხეებში.

ამასთან ერთად, ციხეში კარიერული წინსვლის შესაძლებლობაც ნაკლებია, რაც მკაცრად ცენტრალიზებული სისტემის არსებობითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

ზემოთ ჩამოთვლილმა პრობლემებმა, რაც ჩვენ მიერ ნახსენებ კვლევაში კიდევ უფრო სიღრმისეულადაა ნაჩვენები, განაპირობა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულთა თითქმის 25%-ის გადინება ბოლო 4-5 წლის განმავლობაში.

 

იმუშავებდით ციხეში?

 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. პენიტენციურ სისტემაში მუშაობა არაპოპულარულია, ერთგვარად დემონიზებულიც კია ციხის პერსონალის სახე, რასაც სისტემის მძიმე წარსული განაპირობებს.

ქართულ ციხეში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა ჭირს. სისტემაში ძირითადად სამხედრო პირები მუშაობენ მობილობით. ზოგმა, უბრალოდ, სამსახური ვერ იპოვა და უმუშევრობას ციხეში დასაქმება არჩია. ბევრისთვის ციხე, როგორც სამუშაო ადგილი, კარიერის პირველი ეტაპია და სხვა, თუნდაც დაბალანაზღაურებადი ალტერნატივის გამოჩენისთანავე დასაქმებული ტოვებს სამსახურს.

ციხეში მუშაობა რომ პრესტიჟულ საქმიანობად იქცეს, ამისთვის სახელმწიფის დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდება, რის გარეშეც ციხის რეფორმა წარმოუდგენელია.

კვლევის რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სისტემაში ადამიანური რესურსების მოზიდვის კომპლექსური და თანმიმდევრული გეგმა, ასევე მნიშვნელოვანია სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და სხვა კვლევით დაწესებულებებთან პენიტენციურ სისტემაში კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად  ბოლო 5 წლის მანძილზე საპატიმროებში მხოლოდ 7 კვლევა ჩატარდა.

„სამინისტროს არ აქვს ნათელი ხედვა ხარისხის კონტროლის შიდა სისტემის აწყობასთან დაკავშირებითაც; რეკომენდებულია ჩამოყალიბდეს ხარისხის მართვის სისტემა, რაც გააუმჯობესებს თითოეული თანამშრომლის საქმიანობის ხარისხს“, – აღნიშნულია კვლევაში.

„ციხის ეფექტურად მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალის სწორად შერჩევაში, ტრენინგში, პროფესიულ განვითარებაში და დასაქმებაში დიდი ინვესტიციების ჩადება.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას  ციხის პერსონალი სამუშაო სტრესისგან,

ელენე გაბელაია – ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელი.

ძალადობისგან,  უნდა  შესთავაზოს  შრომის სამართლიანი ანაზღაურება, სხვადასხვა სოციალური შეღავათები, უწყვეტი  ტრენინგები  და  პროფესიული  განვითარება,  მოტივაციის ამაღლების  სხვადასხვა  სქემები,  ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, რაც  ციხეებში არსებულ სამუშაო გარემოს ნამდვილად შეცვლის. ყოველივე ეს გაზრდის ციხის პერსონალის მხრიდან მოტივაციას და შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია პატიმრების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათი უფლებების დასაცავად“, – ამბობს ელენე გაბელაია.

 

 



სამაგიდე კვლევა ,,პენიტენციური სისტემის პერსონალი” მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (ავტორი: ნატალია ცაგარელი). კვლევა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის – „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ტექსტში გადმოცემული მოსაზრებები არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორის, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების პოზიციის გამომხატველად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი