ახალი ამბები

პატიმრები, რომელთაც გარდაცვალებამდე არ უმკურნალეს — ომბუდსმენის ანგარიში

1 აპრილი, 2021 • 1008
პატიმრები, რომელთაც გარდაცვალებამდე არ უმკურნალეს — ომბუდსმენის ანგარიში

“გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ”, —  ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.  დოკუმენტში საუბარია არაერთ ხარვეზზე როგორც პატიმრებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, ისე მათი გარდაცვალების გამოძიების კუთხით.

საქმე ეხება 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევას, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა 2020 წლის განმავლობაში შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, ყველა მათგანზე გამოძიება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო შეწყდა. აქედან 4 საქმე შეეხებოდა შესაძლო სუიციდის შემთხვევას, 13 საქმე – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უეცარ გარდაცვალებას.

“სამედიცინო ექსპერტიზის მასალების შესწავლის შედეგად არაერთხელ გამოიკვეთა ისეთი მძიმე დაავადებები, რომელთა შესახებ პატიმრებს სიცოცხლეში არ ჰქონიათ დადგენილი დიაგნოზი და, შესაბამისად, ამ მიმართულებით არც მკურნალობა ჩატარებიათ.

მაგალითად, პატიმარი ტუბერკულოზის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობით ისე გარდაიცვალა, რომ პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი ამ დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც კი შეიცავდა და არც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩატარებია”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემურია როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ისე გარდაცვლილი პატიმრების საქმეთა გამოძიების ეფექტურობა. ანგარიშის თანახმად, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა, უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

“გამოძიება ორიენტირებული იყო, დაედგინა/გამოერიცხა, ხომ არ იყო პატიმარი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ან ვინმემ ხომ არ აიძულა თვითმკვლელობა. საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა პატიმრისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხით და არ შეუსწავლია, რამდენად იყო შესაძლებელი, არასათანადო ან დაგვიანებული მკურნალობა გამხდარიყო პატიმრის გარდაცვალების მიზეზი”, — დასძენს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ არის ამოღებული გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაცია. ანგარიშის მიხედვით, საგამოძიებო ორგანო პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესწავლის მიზნით, ძირითადად მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებით კმაყოფილდებოდა, რასაც შემდგომში გარდაცვალების არაძალადობრივი ბუნების დასამტკიცებლად და გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად იყენებდა.

სახალხო დამცველს პრობლემურად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ პატიმართა გარდაცვალების ფაქტებს იძიებდა  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, “რომელიც, ცხადია, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო არ ყოფილა”.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პირველ აპრილს გამოქვეყნდა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი