ახალი ამბები

„მანგანეზი“: ჭიათურის სოფელ შუქრუთში ზიანი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება

12 ნოემბერი, 2019 • 2228
„მანგანეზი“: ჭიათურის სოფელ შუქრუთში ზიანი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება

ჭიათურაში მოქმედი მანგანეზის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ზიანი, რაზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული.

ჭიათურის სოფელ შუქრუთში მე-6 დღეა, მოსახლეობას მაღაროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და საწარმოო პროცესი შეჩერებულია. ისინი ითხოვენ, რომ აუნაზღაურდეთ ზარალი, რაც მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებისგან ადგებათ. ადგილობრივები პროტესტს აგრძელებენ და საქმეში მთავრობის ჩარევას ითხოვენ.

რა ხდება?

როგორც „ნეტგაზეთს“ შუქრუთის მკვიდრი რევაზ ნეფარიძე უამბობს, ამ საკითხის გამო პროტესტი 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ პირველად გააჩერა მაღაროებში სამუშაოები. ეს მას შემდეგ, რაც სოფელში განსაკუთრებით აქტიურად გაგრძელდა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები, რამაც, მისი თქმითვე, დააზიანა მოსახლეობა — სახლები, გზა და ეკლესია.

კიდევ ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე გვეუბნება: „თვენახევრის წინ გვქონდა გაჩერებული შუქრუთში არსებული ყველა მაღარო იმის გამო, რომ სოფელში ეკლესია, — სულ რაღაც 7 წლის აშენებულია და მთლიანად შემოეხსნა გუმბათი, ბზარები გაუჩნდა — გზა, სახლები, საკარმიდამო ადგილები, საფლავები, ყველაფერი ინგრევა; ეზოებში მიწა ჩავარდნილია, მაღაროს გვირაბები ჩანს და ძალიან ცუდი სიტუაციაა. წარმოიდგინეთ, „პადვალში“ რომ ჩახვალ და მაღაროს გვირაბში რომ ჩავარდები“…

სექტემბრის პროტესტის შემდეგ, ადგილობრივების თანახმად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ქალაქის მერისა და სოფლის გამგებლის მონაწილეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც ზარალი უნდა შეესწავლა, ხოლო შემდეგ ზარალის კომპენსაცია დაწყებულიყო.

რა დაადგინა კომისიამ?

კომპანიამ 11 ნოემბრის განცხადებით დაადასტურა, რომ საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნეს. კომპანიის თანახმადვე, კომისიამ შუქრუთში არსებული ყველა დაზიანებული სახლი მოინახულა. კომპანია წერს: „კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სამუშაო პროცესს და ეს გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით“. კომპანიის თანახმადვე, დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ იყო კომპენსირებული.

კომპანია ასევე წერს: „იმის გამოსარიცხად, რომ დღეს მიმდინარე სამუშაოები ახდენს თუ არა კონკრეტულ ლოკაციებზე ახალ დაზიანებებს, მოსახლეობასთან შეთანხმებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში კომიისიის გადაწყვეტილების თანახმად მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი „საინჟინრო კვლევების ცენტრი”, რომელთაც კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე კვლევითი სამუშაოები 2019 წლის 29 ოქტომბერს დაიწყეს.

პირველადი მონაცემებით შესწავლილი და გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს და ირკვევა, რომ „შუქრუთში“ სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით არის გამოწვეული; დაზიანებების მეტი წილიც სწორედ იმ პერიოდისაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურებულ იქნა“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსპიკერმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ყველაზე ახლომდებარე ობიექტი 1კმ-ით არის დაშორებული მოსახლეობისგან და „არანაირი ლოგიკური კავშირი“ არ შეიძლება იყოს სამუშაოებსა და იმას შორის, რაზეც ადგილობრივები მიუთითებენ: „ვსაუბრობთ ბურღვით სამუშაოებზე, ესკალატორზე, ტრაქტორებზე და ა.შ.. თუ არის რამე ზიანი, ეს უკავშირდებოდა სსრკ-ში სოფლის ქვეშ მიმდინარე სამუშაოებს, რაც ახლა არ მიმდინარეობს“. მისი თქმით, თუკი ახალი ბზარები წარმოიქმნება, ეს სწორედ იმ პერიოდის სამუშაოებს უკავშირდება.

„მიწისძვრამაც დააზარალა“

როგორც კომპანიის სპიკერმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გვითხრა, ქვეკონტრაქტორი კომპანია კვლევის მეორე ეტაპზე გამოიკვლევს, ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას სახლები, რომლებიც ამ ძველი პროცესების შედეგად არის დაზიანებული.

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, 90-იანი წლების დასაწყისში სოფელი შუქრუთი მიწისძვრამაც დააზარალა და მაშინ სახელმწიფომ მოსახლეებზე შესაბამისი კომპენსაციები გასცა: „კომპენსაციები გაიცა იმ დათქმით, რომ მიღებული თანხით მოსახლეები ალტერნატიულ საცხოვრებელს სხვაგან შეიძენდნენ“.

კომპანია წერს, რომ ის „არ არის საბჭოთა პერიოდის წარმოების სამართალმემკვიდრე, რომელიც იმ პერიოდში ახორციელებდა მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს და არც არანაირი შეხება იმ პერიოდის სამუშაოებთან არ აქვს“;

კომპანიის თანახმადვე,  ეს ფაქტი შუქრუთელებმა იციან, თუმცა „მათ უკან მდგომი პირები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლის მიზანი საკუთარი ვიწრო ინტერესების შანტაჟის გზით დაკმაყოფილებაში მდგომარეობს“. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, — განცხადების გარდა, არც ნეტგაზეთთან საუბარში, — თუ რომელ პირებსა და რა ვიწრო ინტერესებს გულისხმობს.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” წერს, რომ ყოველთვის, როდესაც სახეზეა მისი სამუშაოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანი, მოსახლეობისადმი თუ ეკოლოგიური კუთხით, სრულად ანაზღაურებს ზარალს, რაც წელიწადში საშუალოდ 1.5 მლნ ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი