ახალი ამბები

არასამთავრობოთა კოალიცია სასამართლო რეფორმის IV ტალღას აფასებს

11 ნოემბერი, 2019 • 1611
არასამთავრობოთა კოალიცია სასამართლო რეფორმის IV ტალღას აფასებს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების დაკონკრეტებას და სკოლის მსმენელთა შერჩევის პროცესის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოცალკევებას. ამავდროულად, პროექტში არის რამდენიმე სიახლე, რაც კოალიციის კრიტიკას იმსახურებს.

  • სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს, აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

კოალიციის შეფასებით, პრობლემაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში ამ უფლებამოსილების არსებობა მისთვის კიდევ ერთი ბერკეტია სასამართლო სისტემის გასაკონტროლებლად და მიმართულია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. კოალიცია ემხრობა მოდელს, რომლის მიხედვით მოსამართლეები თავად ირჩევდნენ თავმჯდომარეს.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესში

პროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აირჩევა. დამოუკიდებელი საბჭოს შიდაორგანიზაციული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, კოალიცია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ეს ფუნქცია თავად მას გადაეცეს.

  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა

კანონპროექტის შესაბამისად, მოსამართლეთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ. დევნის დაწყებაზე უარის შემთხვევაში მას არ ეკისრება დასაბუთების ვალდებულება. კოალიციის აზრით, ანგარიშვალდებულების პრინციპი საბჭოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას, რაც კანონშიც უნდა აისახოს.

  • ეთიკის საბჭო

კანონპროექტის მიხედვით, იქმნება ახალი ორგანო „ეთიკის საბჭო“, რომელიც წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას, ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს. კოალიციის აზრით, გაურკვეველია, რა ფუნქციები ეკისრება ამ ახალი ინსტიტუტს, როგორ აირჩევიან წევრები და ა. შ. კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხების დაზუსტებამდე ცვლილებების ეს ნაწილი უნდა შეჩერდეს.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობა

წარმოდგენილ კანონპროექტში არ არის პირდაპირი მითითება სხდომების საჯაროობისა და ღიაობის შესახებ, საუბარია მხოლოდ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებასა და აუდიოჩანაწერების ხელმისაწვდომობაზე.  კოალიციას მიიჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომები ღია უნდა იყოს, მათ შორის, პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეებთან გასაუბრების დროსაც. აგრეთვე, მნიშვნელოვანია საბჭოს სხდომები გადაიცემოდეს ონლაინ-სტრიმის მეშვეობით, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ პირს, თვალი ადევნოს სხდომათა მიმდინარეობის პროცესს. კოალიცია მიიჩნევს, რომ ორივე ეს საკითხი კანონის პირდაპირ რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების საფუძვლები

კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად კვლავაც რჩება მის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება. კოალიცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფორმულირება იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება საბჭოს წევრების დამოუკიდებლობის ხარისხზე და უნდა გაუქმდეს.

“ამავდროულად, კანონმდებლობაში არის სხვა პრობლემები, რომლებიც მუდმივი კრიტიკის საგანია, თუმცა, სამწუხაროდ, წარმოდგენილი პროექტი მათ მოგვარებას არ ისახავს მიზნად. მათ შორისაა: იუსტიციის მსმენელთა სკოლაში ჩარიცხვის კრიტერიუმების ბუნდოვანება, მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება და უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილების მიღება, მათ მიერ განხილულ საქმეებზე დაყრდნობით; მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტი; მოსამართლისთვის საქმის განხილვაში მონაწილეობის დავალება ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში; მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნა; იუსტიციის საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეების/მოადგილეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა; დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების ხელმისაწვდომობა; მოსამართლეთა შეფასება და დაწინაურება და ა.შ. აგრეთვე ნარჩუნდება საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნისთვის საჭირო უმრავლესობა, რომელიც არ ითვალისწინებს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კონსენსუსის პრინციპს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია  პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეკომენდაციები წარმოდგენილ სიახლეებზე და ამავდროულად მოამზადოს ცვლილებები იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია სასამართლოში ვითარების გასაუმჯობესებლად, თუმცა შემოთავაზებულ კანონპროექტში მათი მოგვარების გზები არ არის დასახული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი