ახალი ამბები

კინოცენტრი “ექსტრემისტულ ჯგუფებს” მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან

8 ნოემბერი, 2019 • 1697
კინოცენტრი “ექსტრემისტულ ჯგუფებს” მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს “ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ახალი ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო”.

კინოცენტრში აცხადებენ, რომ ისევე, როგორც ბევრი მაყურებელი მთელ მსოფლიოში, კინოცენტრიც გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა:

“ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს. ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის”, – აცხადებენ კინოცენტრში.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს, კინოცენტრის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია:

“ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას.

ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ და უფრო ჰუმანური გახდეს. ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება” ,- აცხადებენ კინოცენტრში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი