ახალი ამბები

ია კერზაიას საქმეზე მისი შვილი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

6 ნოემბერი, 2019 • 2350
ია კერზაიას საქმეზე მისი შვილი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

2018 წლის არჩევნების შემდეგ გარდაცვლილი მასწავლებლის, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა დედამისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.

„შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ — კერზაიას შვილის, იურისტ ბაჩანა შენგელიას თანახმად, ასეთი სახელწოდების სარჩელი დარეგისტრირდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული ანონიმური წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ „ოცნებისთვის“ იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, „დამოკიდებულება შეიცვლებოდა“.

კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურამ 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – „დანაშაულის არარსებობის გამო“ საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ამ მოვლენების შემდეგ გაასაჩივრა ბაჩანა შენგელიამ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. 6 ნოემბერს მან ფეისბუკზე დაწერა: „არცერთი ინსტანცია, არცერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად“.

„ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბუგრში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს, არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას“, — წერს ბაჩანა შენგელია.

„ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს, ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, — წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი