ახალი ამბები

ადვოკატი: სამინისტრო სკოლის დირექტორს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს

26 ნოემბერი, 2018 • 2087
ადვოკატი: სამინისტრო სკოლის დირექტორს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში სდებს ბრალს.

დირექტორი ია კერზაია ოფიციალურად ჯერ ისევ იკავებს ამ პოზიციას, თუმცა მისი ადვოკატის თანახმად, გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

კერზაიას ადვოკატობას უწევს საკუთარი შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შენგელია არ გამორიცხავს, რომ დედის გათავისუფლების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება მის კარიერასაც უკავშირდება. იგი 2013 წლამდე ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე იყო.

ანონიმური წერილი – “ზოგადი საჩივარი”

შენგელიას თანახმად, სამინისტრომ 8 ნოემბერს მიიღო ანონიმური წერილი, რომელიც გათავისუფლების საფუძველი გახდა. შენგელიას შემდეგი გარემოება აეჭვებს:

“ზოგადი საჩივარი იყო; წერია, რომ ხდება არასათანადოდ ბიუჯეტის განკარგვა, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ზოგადად არის დარღვევები…  ანუ არანაირი კონკრეტიზაცია არ არის; შესაძლებელია მოვარგოთ ყველას და ყველაფერს”, – უთხრა მან ნეტგაზეთს.

შენგელიას თანახმად, იმის გარდა, რომ საჩივარში არ ეწერა რაიმე კონკრეტული ბრალდება, მას ეჭვის საფუძველს შემდეგი გარემოებაც აძლევს:

“ვინც ვიცით, როგორ მუშაობს სისტემა და ბიუროკრატია, [წარმოუდგენელია, არ დაგვაეჭვოს ფაქტმა, რომ] 8 ნოემბერს დაწერილი წერილის საფუძველზე 8 ნოემბერსვე არის გამოცემული მინისტრის ბრძანება, რომელსაც პროცედურულად ვიზირებები სჭირდება”, რაც დროს მოითხოვს.

“ჩვეულებრივი რეპრესია”

შენგელიას ინფორმაციით, საჩივრის მიღებიდან მეორე დღესვე, 9 ნოემბერს, სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ჩავიდა სკოლის შესამოწმებლად.

შენგელიას თანახმად, ეს თანამშრომლები ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ამოწმებდნენ სკოლას, თუმცა, როგორც მან ფეისბუკზე დაწერა, “სინამდვილეში ეს იყო არა შემოწმება, არამედ ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა”.

“დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და, რაც მთავარია, სკოლის დირექტორი”, წერს შენგელია.

როგორც შენგელია ნეტგაზეთს ეუბნება, ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებს გასცდნენ. მისი თქმით, ინსპექტორები სკოლის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, 4 წლამდე პატიმრობა გემუქრებათო. თუმცა, შენგელიას თანახმად, “ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას”.

“პოლიტიკური მოტივი”

შენგელიას თანახმად, კერზაია “არაერთი შეთავაზების მიუხედავად, არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.

ადვოკატის თქმით, კერზაიას არცერთი ფორმით არასოდეს გამოუხატავს პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია რომელიმე პარტიის მიმართ, არ ეწევა აგიტაციას და არ არღვევს პედაგოგიურ ეთიკასს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

“ამ პროცესის ფორსირება და ეს შემოთავაზებაც … გვაძლევს თქმის საფუძველს [რომ პოლიტიკური მოტივით ათავისუფლებენ]”, ამბობს იგი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, უკავშირებს თუ არა იგი დედის გათავისუფლების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, შენგელიამ გვიპასუხა:

“მე არ გამოვრიცხავ ამასაც, ვინაიდან თვითონ ეს ფორმა იყო ასეთი. ცალსახად არ ვადასტურებ, მაგრამ გამორიცხვაც არ შემიძლია. იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანმა ივნც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს პროცესი ვინც წარმართა, ჩემი ამბები ნამდვილად იცოდა”.

სამინისტროს პასუხი

ნეტგაზეთი დაუკავშირდა განათლების სამინისტროს ბრალდებებზე პასუხისთვის.

სამინისტროს სტატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო საკითხის შესწავლა.

სამინისტროს თანახმად, “შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის მძიმე დარღვევა. მათ შორის, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, სკოლაში დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ა.შ”.

“სკოლის ინსპექტირების შედეგად შედგენილი დასკვნა გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს და ეთხოვა განიხილონ სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხი”, – გვიპასუხეს სამინისტროში.

გარეკანის ფოტოზე: ია კერზაია (მარცხნივ – ფოტო ფეისბუკის პირადი არქივიდან), ბაჩანა შენგელია (მარჯვნივ – ფოტო ნოტარიუსთა პალატიდან)

მასალების გადაბეჭდვის წესი