ახალი ამბები

დღესაც ვერ ვიტყვი, არის თუ არა სასამართლო თავისუფალი – მოსამართლეობის კანდიდატი

4 ნოემბერი, 2019 • 1051
დღესაც ვერ ვიტყვი, არის თუ არა სასამართლო თავისუფალი – მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ მოსამართლეობის 18-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მას პირადად არანაირი ზეწოლა არ უგრძნია ხელისუფლების რომელიმე შტოს მხრიდან. ამის შესახებ ქადაგიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე ისაუბრა, სადაც მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრება მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავთ მათიკაშვილმა მას ჰკითხა, ხომ არ უგრძნია სასამართლოზე, როგორც სისტემაზე ზეწოლა, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა:

“მარტივი სათქმელი არ არის, სისტემაზე ზეწოლა არის თუ არა. მე პირადად დღესაც ვერ ვიტყვი, არის თუ არა სასამართლო თავისუფალი. იმას, რომ სასამართლო და თითოეული მოსამართლე არის თავისუფალი, ვიტყვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორჯერ მაინც შეიცვლება ხელისუფლების ორი შტო და მესამე შტო – სასამართლო დარჩება თავის ადგილზე მყარად. აი ამ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლო შედგა ქვეყანაში”, – განუცხადა პარლამენტარებს ნინო ქადაგიძემ.

ქადაგიძე მიიჩნევს, რომ 2006 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ამ ინიციატივას დახვდა უსამართლო სისხლის სამართლის კოდექსი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით, სისხლის სამართლის კოდექსში დღესაც არ მოსწონს ბევრი რამ.

ნინო ქადაგიძემ გაიხსენა 2000-იანი წლები, როდესაც პროკურატურას სასამართლოში საპროცესო შეთანხმებები მიჰქონდა დასამტკიცებლად და მოსამართლეს არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი, გარდა ამ შეთანხმების დამტკიცებისა.

“მხოლოდ მოსამართლეებს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ გადაწყვეტილებები იყო ისეთი, როგორიც იყო”, – აღნიშნა მან და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პარლამენტი მაინც შეძლებს სისხლის სამართლის კოდექსში, მისი აზრით, არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, ის პასუხს აგებს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოუტანია.

ნინო ქადაგიძე სასამართლო სისტემაში მოსამართლედ 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი