ახალი ამბები

ქადაგიძე ითხოვს ბოდიშს „სასამართლოს დემონიზებისთვის“

1 დეკემბერი, 2023 • 1206
ქადაგიძე ითხოვს ბოდიშს „სასამართლოს დემონიზებისთვის“

საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ ელის მტკიცებულებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოსამართლეების კორუფციის შესახებ და ბოდიშს — „ნებისმიერი იმ პირისგან, ვისგანაც სასამართლოს დემონიზება წამოვიდა“.

„სამი მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მოუხედავად, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ვერავის დავეთანხმები“, — განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს.

ქადაგიძის თქმით, ყველა იმ საქმემ, „რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზება“, გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში.

„ყველა საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მეც, როგორც რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, შემდეგ იქნება პასუხი კითხვაზე, არის თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როცა მის სანქცირებაზე ხდება საუბარი“, — განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ბოდიშს ელის „ნებისმიერი იმ პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზება წამოვიდა“.

მისი თქმით, სასამართლოს დემონიზება მოჰყვა საქმეებს, რომლითაც სასამართლოში პოლიტიკის შემოტანის მცდელობა იყო.

„სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა, ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ვარ თავმჯდომარე“, – პირობას დებს ქადაგიძე.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში, ქადაგიძემ უპასუხა:

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბუნებრივია, ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ მათგან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს. თუ სურვილი ექნებათ და თვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იქნას, იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა აღქმებზე და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება“.

ქადაგიძეს დილეტანტურად მიაჩნია კითხვა იმის თაობაზე, თუ თავად რატომ არ დაიწყებს გამოკვლევას.

„ჯერ ფაქტი უნდა დადგინდეს და მერე ჩატარდეს გამოკვლევა. თქვენ რა წარმოგიდგენიათ? რომელი საქმიდან დავიწყო გამოკვლევა. ეს არის საზოგადოების მასებზე ზემოქმედება ძალიან მარტივი გათვლა, რომ სასამართლოს წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება მოახდინონ“, — თქვა მან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება ბევრად წინ უსწრებს ნებისმიერ მეგობარ ქვეყანას.

„მე სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მათგანს, მაგრამ გარწმუნებთ, ქართული მართლმსაჯულება თავისი განვითარებით და თავისი შესაძლებლობების სტანდარტებით ბევრად უფრო აღემატება ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის მართლმსაჯულებას“, — განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი