ახალი ამბები

მეტი საბუთი მოიტანოს და დაიწყება გამოძიება – ხუნდაძე ქორეპისკოპოსი იაკობის ბრალდებაზე

3 ნოემბერი, 2019 • 1003
მეტი საბუთი მოიტანოს და დაიწყება გამოძიება – ხუნდაძე ქორეპისკოპოსი იაკობის ბრალდებაზე

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თუკი ყოფილი ქორეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი) დამატებით არგუმენტებს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის თაობაზე, გამოძიება დაიწყება, ამ ეტაპზე კი გამოძიების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს.

„[იაკობმა] დაასახელა პრემიერი [გიორგი გახარია], დაასახელა ყოფილი პრემიერი [გიორგი კვირიკაშვილი], ასახელებს უშიშროების ხელმძღვანელს [ვახტანგ გომელაურს] და ასევე ერთ-ერთ დეპუტატს [რამაზ ნიკოლაიშვილს]. ამ ოთხი ადამიანიდან ოთხივე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა. ამ ოთხიდან ერთ-ერთი არის ჩვენი ოპონენტი და ისიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო სისულელე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, — თქვა ხუნდაძემ ტვ პირველის ეთერში 3 ნოემბერს. მისი თქმით, ამის გამო არ დაწყებულა გამოძიება.

ჟურნალისტის, ვახო სანაიას დამატებით კითხვაზე კი თქვა: „მეუფესთან გაწიეთ მაშინ რეკომენდაცია, რომ მეტი ნათელი შემოიტანოს, მეტი დადასტურებული ინფორმაცია [გაამჟღავნოს] და რა თქმა უნდა, აღიძვრება მაშინ საქმე, ეს არასოდეს გვიანი არ არის“.

ხუნდაძის თანახმადვე, „საპატრიარქოში არის ბევრი საკითხი, რომელიც მის წიაღშივე უნდა მოგვარდეს“.

მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ. მეორე დღეს მღვდელმთავარმა ბოდიში მოიხადა არანორმატიული ლექსიკისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. ასევე, გადადგა ქორეპისკოპოსის და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან.

საქართველოს პროკურატურა ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხზე აცხადებს, რომ “გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს”.

იაკობის ბრალდებები ხელისუფლებისადმი 31 ოქტომბრის სინოდის კრების ოქმის თანახმად, სინოდის წევრების მხრიდან შინაარსობრივი განხილვის საგანი არ გამხდარა.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

მთავარეპისკოპოსის ბრალდებები საერო და საეკლესიო სამართლის ყურადღების მიღმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი