საზოგადოება

უმრავლესობა რუსულ კანონს ვენეციის კომისიაში აგზავნის

27 თებერვალი, 2023 • 1187
უმრავლესობა  რუსულ კანონს ვენეციის კომისიაში აგზავნის

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ მათ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტს ჯერ პირველი მოსმენით მიიღებენ, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. ამის შესახეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს, 27 თებერვალს, განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ კონსულტაციები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთან გაიარეს.

ხუნდაძის თქმით, მათ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარული განხილვა უახლოეს დღეებში გაიმართება, რის შემდეგაც პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე კანონპროექტს.

„პირველი მოსმენით მიღებამდე ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგალითად, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, უმრავლესობის წევრებს სურთ, რომ კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღონ და ამიტომ ვენეციის კომისიას დასკნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას სთხოვენ.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები სრულად იზიარებენ, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა „სახელმწიფო სუვერენეტის დაცვის და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის“.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებული” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

ვრცლად ამ საკითხზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი