ახალი ამბები

მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობას შეიცავს – პროკურატურა

1 ნოემბერი, 2019 • 1374
მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობას შეიცავს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხზე აცხადებს, რომ “გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს”.

“თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს. პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რამე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვერ დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აწესებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შეფასების უფლებამოსილებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პროკურატურის განმარტებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას.

“აუცილებელია გაირკვეს, თუ მოცემული ფაქტებიდან რომელი უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მიუთითებს თუ არა ფაქტები კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, განცხადებათა სიმრავლის შემთხვევაში საჭიროა თითოეული მათგანი შეფასდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფაქტები დაექვემდებაროს შეფასებას. სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს. აღნიშნული განცხადება პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, პროკურატურის შეფასებით, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა  თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს.

“მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არათუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული  ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი. საქართველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ. მისივე თქმით, ყოფილი პროკურორები – ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე – რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს თანხას სძალავდნენ. მეორე დღეს მღვდელმთავარმა ბოდიში მოიხადა არანორმატიული ლექსიკისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. ასევე, გადადგა ქორეპისკოპოსის და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი