ახალი ამბები

„თქვენი ინტერვიუ სისულელეა“ — ადა მარშანია ხუნდაძეს ინტერვიუს ჩაწერისას მიეჭრა

27 სექტემბერი, 2023 •
„თქვენი ინტერვიუ სისულელეა“ — ადა მარშანია ხუნდაძეს ინტერვიუს ჩაწერისას მიეჭრა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ადა მარშანია „ხალხის ძალის“ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს ინტერვიუს ჩაწერისას მიეჭრა. ხუნდაძე სოხუმის დაცემიდან 30 წლისთავზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იყო მისული:

„რას აკეთებთ თქვენ, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ?! პარლამენტი ქვეყნისა, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, არც ერთხელ თავის სხდომაზე არ იხილავს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხს. ეს ნორმალურია, ხალხო?! არ გაცდით ინტერვიუს ჩაწერას იმიტომ, რომ თქვენი ინტერვიუ სისულელეა. არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ. ხელის შეშლა თქვენი ყოფნაა პარლამენტში, ქვეყნისთვის ხელის შეშლა“, — უთხრა ადა მარშანიამ დიმიტრი ხუნდაძეს.

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი