ახალი ამბებისაზოგადოება

მთავარეპისკოპოსის ბრალდებები საერო და საეკლესიო სამართლის ყურადღების მიღმა

1 ნოემბერი, 2019 • 2109
მთავარეპისკოპოსის ბრალდებები საერო და საეკლესიო სამართლის ყურადღების მიღმა

წელიწადზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ გამართული სინოდის სხდომის მთავარ მოვლენად პეტრე ცაავას ჭყონდიდის მიტროპოლიტის პოსტიდან გათავისუფლება და მის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის ჰომოსექსუალურ “ცოდვაში” დადანაშაულება გახდა. ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის ბრალდებები ხელისუფლებისადმი კი, სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრების მხრიდან შინაარსობრივი განხილვის საგანი არ გამხდარა.

[gray_box]მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ. მეორე დღეს მღვდელმთავარმა ბოდიში მოიხადა არანორმატიული ლექსიკისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. ასევე, გადადგა ქორეპისკოპოსის და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან. [/gray_box]

სინოდის ოქმში ვკითხულობთ:

წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისთვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები. 

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ მთავარეპისკოპოსის სინანული მხოლოდ მის ლექსიკას შეეხებოდა.

“მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა. შინაარსი, მე როგორც მახსოვს და თქვენც იცით, მან გაიმეორა და თქვა, რომ ისევ იგივე აზრზეა და უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

“არ გამოვრიცხავ, ჩემი თემით გადაფარეს [იაკობის] სკანდალური განცხადების სათავეები. გაითამაშეს სცენა, აღსარების ჩაბარება პატრიარქზე… ეს ღიმილის მომგვრელია, აბსოლუტურად არაგულწრფელია და უბრალოდ უსუსური და სამარცხვინოა, ჩემი აზრით”, – განაცხადა აწ უკვე სტატუსშეჩერებულმა მიტროპოლიტმა პეტრემ.

თეოლოგი, “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე ვარაუდობს, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის მიერ ქორესპისკოპოსის თანამდებობისა და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს დატოვება განპირობებული იყო იმითაც, რომ პეტრე ცაავას “განეიტრალება” გაემართლებინათ.

“იაკობმა ბრალდებები წაუყენა სახელმწიფოს და კონკრეტულ მღვდელმთავრებს, ასევე, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი სიტყვებით გამოვიდა. მეორე დღეს მან მოინანია მხოლოდ ფორმა და არ მოუნანიებია უმძიმესი  ბრალდებები, ყოველ შემთხვევაში- საჯაროდ. ასევე, ნებაყოფლობით გადადგა ქორეპისკოპოსობიდან და საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ეს არ ჩაუთვლია სასჯელად. ამის შემდეგ სინოდის სხდომა გაიმართა და მღვდელმთავრები ამბობენ, მან მოინანია, მაგრამ გაურკვეველია, რა? – შეუფერებელი ლექსიკა თუ ის ბრალდებები, რაც მთავრობას და სხვა პირებს წაუყენა. თუ ეს არ მოინანია, ნიშნავს, რომ საქმე ღიაა და ტყუილი უთქვამს?

ჩემი დაკვირვებით, მეუფე იაკობი სწორედ იმიტომ გადადგა თანამდებობებიდან, რომ მეუფე პეტრესთვის მსახურების აკრძალვა იმდენად სავალალოდ აღარ წარმოჩენილიყო, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდებოდა.  საპატრიარქო ახლა ამბობს, ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც საკუთარი ნებით გადადგა და დაისაჯა და აგერ მეორეც, რომელმაც ეს არ გააკეთა. მეუფე პეტრეს განეიტრალების გამართლება უნდოდათ.  შეიძლება ეს იყო დაგეგმილი იაკობის მიერ საპატრიარქოსთან ერთად, ან არც იყო”, – განაცხადა ცაბაძემ.

მისი თქმით, მთავარეპისკოპოს იაკობს პატრიარქის მიმართ კრიტიკული არაფერი უთქვამს, განსხვავებით პეტრესგან. ამიტომ ბუნებრივია, რომ პატრიარქმა ამ ორ მღვდელმთავარს შორის რეალურად სწორედ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დასაჯა.

“პატრიარქის თვისებაა ეს, რომ  თუ მას და მის ავტორიტეტს რამე ან  ვინმე საფრთხეს უქმნის, იქ უკვე შეწყალება აღარ იცის”, – დასძინა ზვიად ცაბაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბოდბელი ქორეპისკოპოსის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მმართველი გუნდი ასე არ ფიქრობს.

“სინოდმა დასაჯა მეუფე იაკობი მისი ბილწსიტყვაობისათვის, არანორმატიული ლექსიკისთვის, მაგრამ ფაქტობრივად ცნობად მიიღო ის, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი და ორი მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ, აპირებდნენ საეკლესიო გადატრიალებას და მასში სასულიერო პირების ჩართვას. სინოდმა ეს დაადასტურა ირიბად. ფაქტობრივად, ხდება ამ დანაშაულის მიჩუმათების მცდელობა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ გამოძიების არდაწყება ხელისუფლების მიერ ამ დანაშაულის აღიარების ტოლფასია.

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელიას აქვს კითხვა, თუ რას იზამდა ხელისუფლება, მეუფე იაკობს გახმაურებული შეხვედრის ფიგურანტად გახარიას ნაცვლად მელია, ვაშაძე ან ოპოზიციის სხვა წარმომადგენელი რომ დაესახელებინა?!

“მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოახდენდა რეაგირებას და რამდენიმე საათში დაკითხვაზე დაგვიბარებდა იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება, რაც მან ახსენა. ამას ადგილი ჰქონდა-არ ჰქონდა, ეს არის გასარკვევი და ვერ დარჩება მხოლოდ სინოდის პრეროგატივად”, – აღნიშნა მან.

“სახელმწიფოს ვალდებულებაა, გადაამოწმოს. სინოდს ამ შემთხვევაში ჰქონდა ერთადერთი საშუალება, მიეღო ცნობად ის ინფორმაცია, რაც არის, აბსტრაქტულად ემსჯელა, რაც არ გააკეთეს და რაც, პრინციპში, ლოგიკას მოკლებული იქნებოდა. შესაბამისად, გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ეს საკითხი რჩება აქტუალური და ხელისუფლება ვალდებულია, გამოიძიოს, თუმცა აშკარად ინტერესთა კონფლიქტი აქვს”,- განაცხადა, თავის მხრივ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის თქმით კი, “უამრავი განცხადება კეთდება, რომელსაც საფუძველი არ აქვს, მტკიცებულება არ აქვს, სხვადასხვა მდგომარეობაშია გაკეთებული და არ შეიძლება, პროკურატურამ ამ ცხელ ვითარებაში ყველა საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღძრას”.

საქართველოს პროკურატურა ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხზე აცხადებს, რომ “გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს”.

მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობას შეიცავს – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი