ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

28 ოქტომბერი, 2019 • 1134
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს როგორც საქართველოს პარლამენტის 93 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა, ისე არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით ჩატარებას. პროექტის თანახმად:

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.

20-მდე პარტიისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადება ასევე ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა, 3%-იანი ბარიერის და ბლოკების დაშვების პირობებში. პროექტის თანახმად:

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან. არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლეთა ხმების 3%-ს მაინც, არჩევნებში მონაწილეობის წესი და  პირობები, აგრეთვე, პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით”.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო ოპოზიციური პარტიების საინიციატივო ჯგუფის კონსტიტუციური კანონის პროექტი ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი