ახალი ამბებისაზოგადოება

პაკისტანის ერთ ქალაქში 900 ბავშვს აივ/შიდსის დიაგნოზი დაუსვეს – ბრალდებულია პედიატრი

26 ოქტომბერი, 2019 • 3438
პაკისტანის ერთ ქალაქში 900 ბავშვს აივ/შიდსის დიაგნოზი დაუსვეს – ბრალდებულია პედიატრი

პაკისტანის პატარა ქალაქ რატოდეროში 900 ბავშვს თითქმის ერთდროულად დაუსვეს აივ/შიდსის დიაგნოზი. ეპიდემიის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება The New Yourk Times-მა მოამზადა.

როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, ყველაფერი 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ქალაქში, სადაც 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ბავშვები მასობრივად ხდებოდნენ ავად – სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მომატება თვეების განმავლობაში ასობით ბავშვს აწუხებდა და ვერავინ ხვდებოდა, რატომ. ექიმებმა მასობრივი ავადმყფოობის მიზეზი მხოლოდ აპრილში დაადგინეს – ქალაქის 1 100 მცხოვრებს აივ/შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, მათგან 900 პირი 12 წლამდე ასაკის ბავშვია. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის ყოველი მე-200 მცხოვრები აივ/შიდსის მატარებელია. გამოძიებით დადგინდა, რომ აივ ინფიცირებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ სხვადასხვა დროს სამედიცინო მომსახურებას ერთი პედიატრი – მუზაფარ ჩანგრო უწევდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ბავშვების მკურნალობისას ერთი და იგივე ნემსს სტერილიზაციის გარეშე იყენებდა.

როგორც The New Yourk Times წერს, აივ/შიდსის ეპიდემიის ამბის გამოაშკარავება ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტის გულბაჰარ შაიხის დამსახურებაა, რომელიც თვეების განმავლობაში აკვირდებოდა სასოწარკვეთილ მეზობლებს, რომლებიც თავიანთი შვილების ავადმყოფობის მიზეზებს ვერ არკვევდნენ. როდესაც სამართალდამცავებმა პედიატრი დააკავეს, ეს ჟურნალისტისთვის შოკისმომგვრელი იყო – მუზაფარ ჩანგრო მის შვილებსაც მკურნალობდა. ჟურნალისტმა დაუყონებლივ ჩაუტარა გამოკვლევები მთელ ოჯახს. როგორც აღმოჩნდა, მისი 2 წლის შვილიც სხვა ასობით ბავშვის მსგავსად აივ/შიდსით არის ინფიცრებული. მუზაფარ ჩანგრო ქალაქში, ძირითადად, ღარიბებს ემსახურებოდა, რადგან მასთან ვიზიტი ყველაზე იაფი, დაახლოებით, 20 ცენტის ექვივალენტი ღირდა. ქალაქის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი თვეში 60 აშშ დოლარის ექვივალენტია.

დაკავებული ექიმი მუზაფარ ჩანგრო. ფოტო: EPA-EFE/WAQAR HUSSAIN

The New Yourk Times-ის ცნობით, ერთ-ერთი პირველი, ვინც პედიატრის მომსახურების ხარისხის გამო განგაში ატეხა, იმთიაზ ჯალბანი იყო, რომელსაც 6 შვილი ჰყავდა. კლინიკაში ერთ-ერთი ვიზიტისას მშობელმა ნახა, რომ ექიმმა მის შვილს ნაგვიდან ამოღებული, უკვე გამოყენებული ნემსით გაუკეთა წამალი. როდესაც მან ეს გააპროტესტა, ექიმმა უთხრა, რომ ის იმდენად ღარიბი იყო, რომ არ შეეძლო ახალი ნემსის საფასურის გადახდა.

“თუ არ გსურს ჩემი მომსახურება, წადი სხვა ექიმთან”, – უთხრა ექიმმა 6 შვილის მამას. ჯალბანის 6 შვილიდან 4-ს აივ/შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, მათგან 2 უკვე დაიღუპა.

იმთიაზ ჯალბანი. ფოტო: Mustafa Hussain for The New York Times

როგორც The New Yourk Times წერს, ექიმი მუზაფარ ჩანგრო დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს გულგრილობის, მკვლელობისა და ზიანის არაგანზრახ მიყენებისთვის. თუმცა, ის ჯერ გასამართლებული არ არის. უფრო მეტიც, სტატიის წერის მომენტისთვის [ოქტომბერი, 2019], ექიმი ციხიდან გათავისუფლებულია, მან ასევე აღიდგინა ექიმის ლიცენზია და საქმიანობას ერთ-ერთი სახელმწიფო კლინიკაში, იგივე ქალაქში აგრძელებს. მან ამერიკულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში მისთვის წარდგენილი ბრალდება და ძველი შპრიცების გამოყენების ფაქტი უარყო.

როგორც პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, მუზაფარ ჩანგრო არ შეიძლება იყოს აივ/შიდსის ეპიდემიის ერთადერთი წყარო. The New Yourk Times-ის ცნობით, აღნიშნულ ქალაქსა და ზოგადად, მთელს პაკისტანში, სხვა ექიმებიც ხშირად იყენებენ ძველ შპრიცებს სხვა პაციენტებზე, სტომატოლოგები არასტერილური ხელსაწყოებით მუშაობენ, სილამაზის სალონები კი ერთ სამართებელს სტერილიზაციის გარეშე სხვა კლიენტებთანაც იყენებენ. გარდა ამისა, ქვეყანაში ამ დრომდე მუშაობენ არალეგალური სისხლის ბანკები, რომლებიც არასტერილურ შპრიცებს იყენებენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ხელისუფლებამ დახურა, ისინი მუშაობის განახლებას მაინც ახერხებენ.

ამერიკული მედიასაშუალება როგორც წერს, პაკისტანში აივ/შიდსისა და ზოგადად, სხვა ინფექციური, გადამდები დაავადებების მიმართ ცნობიერება უკიდურესად დაბალია არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ სამედიცინო პერსონალში. პაკისტანის ხელისუფლება კი მინიმალურად იწუხებს თავს პრობლემის მოსაგვარებლად. შედეგად, 2010 წლიდან 2018 წლამდე პაკისტანში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 160 ათასს ადამიანს მიაღწია. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აივ ინფიცირებულთა მხოლოდ 10%-მა იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ, შესაბამისად, ამ ვირუსის მატარებელთა რაოდენობა ქვეყანაში, შესაძლოა, 1.5 მილიონს აჭარბებდეს.

სტიგმა

გარდა ფინანსური და სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემებისა, პაკისტანში აივ დადებთი პირები წარმოუდგენელი სტიგმისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლები არიან.

“საბედნიერდო, მე და ჩემს ცოლს გვაქვს ინფორმაცია ამ ვირუსზე. ჩვენ გვიყვრს და ვეხუტებით ჩვენს გოგოს. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ნათესავებმა გაიგეს ვირუსის შესახებ, ჩვენთან სტუმრობა შეწყვიტეს”, – უთხრა The New Yourk Times-ს ადგილობრივმა ჟურნალისტმა გულბაჰარ შაიხმა, რომელმაც პირველმა დაწერა თავის ქალაქში აივ/შიდსის ეპიდემიის შესახებ.

გამოცემის ცნობით, აივ დადებითი ბავშვები დისკიმინაციული მოპყრობის მსხვერპლები ხდებიან არა მხოლოდ ნათესავებისა და მეზობლების მხრიდან, რამედ სკოლაშიც. მაგალითად, ისინი კლასში სხვა ბავშვებისგან მოშორებით, თითქმის იზოლირებულად არიან მოთავსებული, სხვა ბავშვებს კი მათთან კონტაქტსა და თამაშს უკრძალავენ. მათ ჰგონიათ, რომ შეხებით, ჩახუტებით, ან სხვაგვარი საყოფაცხოვრებო კავშირით აივ/შიდსის ვირუსის გადაცემაა შესაძლებელი, ეს კი აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა.

აივ შიდსი გადადის მხოლოდ დაუცველი სქესობრივი კავშირით (ისიც იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული პირი არ მკურნალობს), ინფიცირებული სისხლის გადასხმით, არასტერილური სამედიცინო/კოსმეტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით და მშობიარობისას დედიდან შვილზე (ძირითადად იმ შემთხვევაში, თუ დედა არ მკურნალობს ორსულობისას).

როგორც The New Yourk Times წერს, პაკისტანში აივ/შიდსის მიმართ ცნობიერება უკიდურესად დაბალია და ხელისუფლება არც ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს და არც – მოსახლეობის შესაბამისი მედიკამენტებით მომარაგებაზე. ისედაც სიღარიბეში მყოფ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად პირადი ნივთების გაყიდვა უწევთ.

მედიასაშუალების ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში ერთმა ოჯახმა როცა გაიგო თავიანთი შვილის აივ ვირუსით ინფიცირების შესახებ, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხეზე ჰყავდათ მიბმული და სჯეროდათ, რომ სწორედ ამ გზით შეაჩერებდნენ მისგან ვირუსის სხვა ადამიანებზე გავრცელებას. მოგვიანებით, პოლიციის ჩარევის შედეგად, ხეზე მიბმული გოგო გაათავისუფლეს და ოჯახში დააბრუნეს, თუმცა ის სხვებისგან იზოლირებულად, ცალკე ოთახში ცხოვრობს და მის გადაადგილებას ოჯახი მკაცრად აკონტროლებს.


გაიგეთ მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკეთ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

მთავარი ფოტო: EPA/ARSHAD ARBAB

მასალების გადაბეჭდვის წესი