40-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ორ ბირთვულ სახელმწიფოს – ინდოეთსა და პაკისტანს — შორის გამწვავებულ კონფლიქტს 7 მაისის გამთენიისას, როცა ინდოეთმა ოპერაცია „სინდურის“ ფარგლებში პაკისტანი და მის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირი დაბომბა.
ისლამაბადის ცნობით, ინდოეთის საჰაერო დარტყმებისა და კონტროლის ხაზის გასწვრივ სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. 10-მდე ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში პაკისტანის მიერ განხორციელებული საარტილერიო სროლების შედეგად.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერაცია „სინდური“ პასუხია 22 აპრილს პაჰალგამში (ქალაქი ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში) ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 25 ინდოელი და ერთი ნეპალელი დაიღუპა. ინდოეთი აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ თავდასხმაში აშკარად მონაწილეობდნენ პაკისტანში დაფუძნებული ტერორისტები, თუმცა პაკისტანი ბრალდებას უარყოფს.
ოპერაციის სახელი სიმბოლურია. სინდური არის წითელ/ნარინჯისფერი ფხვნილი, რომელსაც ინდუისტურ საზოგადოებაში რელიგიური და კულტურული მიზნებით იყენებენ. როგორც ვარაუდობენ, ოპერაციის სახელწოდება იმ მეთოდს უკავშირდება, რომლითაც თავდამსხმელებმა 22 აპრილს პაჰალგამში მსხვერპლები დახოცეს — თვითმხილველთა მონათხრობების მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა მამაკაცი ტურისტები ქალებისგან გამოაცალკევეს, შემდეგ კი არამუსლიმები დახვრიტეს.
ამასთან, ინდურ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ახალდაქორწინებული ქალის ფოტო, რომელიც მისი ქმრის ცხედრის გვერდის ზის ჩამუხლული. ფოტო პაჰალგამის თავდასხმის სიმბოლოდ იქცა. ქალი, როგორც წესი, აღარ ატარებს სინდურს ქმრის გარდაცვალების შემდეგ.
View this post on Instagram
პაკისტანმა ინდოეთის ოპერაცია „არაპროვოცირებულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „აგრესიის საზარელი აქტი დაუსჯელი არ დარჩება“.
პაკისტანის სამხედრო ძალებმა თქვეს, რომ ხუთი ინდური სამხედრო თვითმფრინავი და ერთი დრონი ჩამოაგდეს.
ინდოეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იერიში მიიტანა 9 ადგილას, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ.
აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა, არაბთა გაერთიანებული საამიროებმა და ევროპის ქვეყნებმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, რათა კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.
ბირთვული იარაღის მქონე მეზობლებს — ინდოეთსა და პაკისტანს — 1947 წელს, დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რამდენიმე ომი და არაერთი მცირე სამხედრო დაპირისპირება ჰქონდათ. ძირითადად, ქაშმირის ირგვლივ, რომლის სრულ კონტროლზეც ორივე სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას.
ქაშმირი მუსლიმებით დასახლებული რეგიონია ჰიმალაის მთებში. ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტით გათვალისწინებული დაყოფის გეგმის თანახმად, მას შეეძლო ინდოეთის ან პაკისტანის შემადგენლობაში შესვლა. ადგილობრივ მაჰარაჯა ჰარი სინგჰს თავდაპირველად ქაშმირის დამოუკიდებლობა სურდა, მაგრამ 1947 წლის ოქტომბერში ინდოეთთან შეერთება გადაწყვიტა, სანაცვლოდ კი პაკისტანიდან შეიარაღებული პირების თავდასხმებისგან დახმარება ითხოვა.
1949 წლის ივლისში ინდოეთმა და პაკისტანმა, გაეროს რეკომენდაციის შესაბამისად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რეგიონი ორად გაიყო. ქაშმირის მცირე ნაწილს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს 1960-იანი წლებიდან ჩინეთი აკონტროლებს.
