Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ჭადრაკი, როგორც სავალდებულო საგანი სკოლებში – მასწავლებელი სომხეთიდან [ვიდეო]

21 ოქტომბერი, 2019 •
ჭადრაკი, როგორც სავალდებულო საგანი სკოლებში – მასწავლებელი სომხეთიდან [ვიდეო]

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი


“ჩვენი მიზანი არ არის ადრეული ასაკიდანვე მოჭადრაკეების ჩამოყალიბება. უბრალოდ გვინდა, რომ ჭადრაკი ბავშვებს აზროვნებაში, კრიტიკის უნარში, ლოგიკის განვითარებაში დაეხმაროს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ერევნის მე-19 საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი ვარდუი სტეპანიანი, რომელიც ჭადრაკს სკოლაში რვა წელია ასწავლის. 

ჭადრაკი სომხეთის სკოლებში სავალდებულო საგანია, რომელიც მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით ისწავლება. t

ყოველ წელს 10 კლასზე მეტი მყავს და თითოეულში ამ საგანს სხვადასხვანაირად ვასწავლი. არ შეიძლება, მასწავლებელი ყველას ერთი მეთოდით ასწავლიდეს, იმიტომ, რომ თითოეულ ბავშვს სხვადასხვანაირად ესმის, თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელსაც მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს. 

ჭადრაკის სწავლებას მეორე კლასში ძალიან მარტივი ფორმით ვიწყებთ. ვასწავლით დაფას, ფიგურებს. ბავშვები საკუთარ დაფას ხატავენ იმისთვის, რომ დაიმახსოვრონ განლაგება და შემდეგ გაკვეთილზე მოაქვთ. სწავლობენ და შემდეგ აჩვენებენ, როგორ თამაშობენ ფიგურები. ყველაფერი თამაშით ისწავლება. 

არსებობს სახელმძღვანელოც, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვკითხულობთ, ეს არის ჭადრაკის ისტორია.

როდესაც ბავშვი პატარაა, ის ბევრად მარტივად, სწრაფად იგებს და ამიტომაც  დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 6-7 წლის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ჭადრაკის თამაში. 

ჩვენი მიზანი არ არის ადრეული ასაკიდანვე მოჭადრაკეების ჩამოყალიბება. უბრალოდ გვინდა, რომ ჭადრაკი ბავშვებს აზროვნებაში, კრიტიკის უნარში, ლოგიკის განვითარებაში დაეხმაროს. თუმცა, თუკი მეოთხე კლასის შემდეგ მასწავლებლები და მშობლები ხედავენ, რომ ბავშვს პოტენციალი აქვს, ის აგრძელებს სწავლას. ასეთი ბავშვი ძალიან ბევრია.

გაკვეთილების დროს ბავშვები მსოფლიო ჩემპიონატებზე მეკითხებიან. ძალიან აინტერესებთ, როგორები არიან ჩემპიონები, რა გზები გაიარეს. დიდი ინტერესით უსმენენ ამ ისტორიებს.

ჭადრაკის თითოეულ გაკვეთილს ცხოვრებას ვადარებ. ჭადრაკი ბრძოლაა, ბავშვებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრებაც ბრძოლაა. უნდა იცოდნენ, არასწორი სვლის შემთხვევაში, როგორ გაუმკლავდნენ წინააღმდეგობებს. მე ჩემი მაგალითით იმის თქმა შემიძლია, რომ ჭადრაკი ამას ყველაზე მეტად გასწავლის. ჭადრაკი გეხმარება იაზროვნო ემოციების გარეშე, გეხმარება სიტუაციას სხვადასხვა კუთხით შეხედო. 

მე თავად მოჭადრეკეების ოჯახში დავიბადე და საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. 

მამაჩემი ასევე ჭადრაკის მასწავლებელია. ის დამსახურებული ტრენერია. ჩემი ძმა პროფესიონალი მოჭადრაკეა. საქართველოში, ქალაქ ფოთში პირველი ადგილი აიღო სხვადასხვა კატეგორიაში. ჩემი ცნობიერი ცხოვრება ჭადრაკით დაიწყო, მაგრამ დავტოვე პროფესიონალი მოჭადრაკის კარიერა შვილების გაჩენის შემდეგ.

ჭადრაკის პარალელურად პედაგოგიკას ვსწავლობდი, შემდეგ – ჭადრაკის აკადემიაში, სადაც მასწავლებლის ყველა გამოცდა ჩავაბარე, ჭადრაკის მასწავლებლის წოდება მივიღე. 

ვფიქრობ, ჭადრაკის მასწავლებელი, პირველ რიგში, პედაგოგი უნდა იყოს და არა პროფესიონალი მოჭადრაკე, რადგან საქმე ბავშვებს ეხება, მათ მყიფე ფსიქოლოგიას, რომელსაც ძალიან მარტივია ზიანი მიაყენო. ძალიან სწორად უნდა მიუდგე საქმეს, რადგან მშობლებმა არ იციან თამაში და არწმუნებენ შვილებს, რომ ეს ძალიან რთულია. მაგრამ ეს ასე არ არის, საჭიროა, იცოდე და შეგეძლოს 6-7 წლის ბავშვებთან მუშაობა. 

რამდენდაც, ჩემი მთელი ცნობიერი ცხოვრება ჭადრაკით დაიწყო, ძალიან ბევრ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. მახსოვს, პატარა ვიყავი, სიმაღლითაც დაფის მაგიდას ვერ ვწვდებოდი და იძულებული ვიყავი სკამზე დამდგარს მეთამაშა. მაშინ 16-17 წლის გოგონებს მოვუგე. ვერც ვაცნობიერებდი, რომ ჯილდოს მაძლევდნენ. 

აქედან ბევრი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ჭადრაკის მასწავლებელი უნდა გავხდე და ბავშვებს ვასწავლო სწრაფად, სხარტად აზროვნება და ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ისევე პატიოსნად იქცეოდნენ, როგორც ჭადრაკის თამაშის დროს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი