თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე მრავალბინიან კორპუსში, დღეს, 19 ოქტომბერს, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, ოჯახი გაფრთხილებული იყო, არ გამოეყენებინათ გამათბობელი.
იგივეს აცხადებს ნათია მიქიაშვილი, „თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
„ოჯახი გაფრთხილებული იყო კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გამო, გეგმიური შემოწმებისას. თავად ბინის მფლობელს აქვს ხელი მოწერილი და ჩვენს თანამშრომელს ოქმზე, რომელიც არის ოფიციალური საბუთი თბილისი ენერჯის მიერ გაცემული, სადაც წერია, რომ წყლის გამაცხელებელი არის სიცოცხლისთვის საშიში, უნდა ჩაიხსნას სასწრაფოდ და მისი ხელმეორედ და კუსტარულად დამონტაჟება არ შეიძლება. ბოლო რამდენიმე თვის შეტყობინებები გადამოწმდა და ამ მისამართიდან არ შემოსულა შეტყობინება გაზის კონცენტრაციის, სუნის, ან რაიმე ტიპის გაუმართაობის არსებობის შემთხვევაზე“ – უთხრა ნათია მიქიაშვილმა ნეტგაზეთს.
19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.