გურამიშვილის გამზირზე სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის კაცის მდგომარეობა მძიმე რჩება, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პაციენტის მკურნალმა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ უთხრა.
„პაციენტის მკურნალობა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში გრძელდება. მდგომარეობა რჩება მძიმედ, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ აღინიშნება. ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო თერმულ დაზიანებათა ჯგუფს. პაციენტი სპონტანურ სუნთქვაზეა, გონზეა, კონტაქტურია. მსგავსი ტიპის დამწვრობისას მდგომარეობა 2-3 დღეში ვერ გაუმჯობესდება. არც ველოდებით მსგავს შედეგს. მთავარია, მდგომარეობა არ გაუარესდეს და სასიცოცხლო ფუნქციები შევინარჩუნოთ, რასაც ამ დრომდე ვახერხებთ“, – განაცხადა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ.
კიდევ ოთხი დაშავებული მერვე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მათ ტვინის შერყევა აქვთ და ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობა სრულად გაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.